თავში

რა ხდება და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში

რა ხდება და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში
რა ხდება და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, გაუარესებული ბიზნესგარემო და შემცირებული ინვესტიციები ენერგეტიკაში პირდაპირ აისახა ელექტროენერგიის ბაზარზე. 

მიქაუტაძის შეფასებით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა წლიდან წლამდე მცირდება და გამონაკლისი არც გასული წელი აღმოჩნდა.

მისივე განცხადებით, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება 2.6%-ით შემცირდა, ხოლო მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა იმპორტი, ხოლო ექსპორტმა 60 %-ით ნაკლები შეადგინა, ამავე დროს, ინტენსიურად ვითარდება ენერგეტიკის სფერო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტი 10-ჯერ არის გაზრდილი.

„გასული 8 წლის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანას მართავს მთავრობა, რომლის არც მიზანს და არც ამოცანას ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სიძლიერე არ წარმოადგენს, მათ შორის, არც ენერგეტიკის მიმართულებით," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ელექტროსადგურების, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის ჩადების მსურველი პირები და კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და შემოსავალთან ერთად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 1 კვ/ს ენერგიაზე 1.5 აშშ ცენტს მიიღებენ. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს ევროპული პრაქტიკაა, რითაც  უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება საქართველოს ენერგეტიკაში. 

ცვლილებები შედის "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში. კანონპროექტს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება. ცვლილებების მიზეზად ენერგოუსაფრთხოების ზრდა და მომხმარებელების უფლებების დაცვა სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system