თავში

რა შეიცვლება მედიატორის ჩართვით ნამახვანჰესთან დაკავშირებით

რა შეიცვლება მედიატორის ჩართვით ნამახვანჰესთან დაკავშირებით
რა შეიცვლება მედიატორის ჩართვით ნამახვანჰესთან დაკავშირებით

,,რიონის ხეობის მცველების" აცხადებენ, რომ მედიატორს მოუსმენენ, თუმცა, არ აქვთ იმედი, რომ შეთანხმება მიიღწევა. ამის მიზეზი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი მირზა ნოზაძე report.ge-თან ამბობს, ხელისუფლების დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მიმართ, რაც შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის. 

ამასთან, როგორც ნოზაძე ამბობს, მედიატორის ჩართვას აზრი არ ექნება, თუკი მათ მიერ დასმულ კითხვებს ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ გაეცემა.

,,ჩვენ არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც პოზიციას დაიკავებს მთავრობა და არამდენად გაითვალისწინებს ჩვენს აზრს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იგნორირებულია. ამიტომ საკითხი დავაყენეთ პრინციპულად: ხელისუფლებას თუ სურს დიალოგი ჩვენთან, საპირისპირო აზრს პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს. როდესაც მთავრობა 100%-ით არის დარწმუნებული, რომ თვითონ არის მართალი, ასეთ პირობებში დიალოგს რა აზრი აქვს. მედიატორიც ისე შეარჩიეს, რომ არავინ შეგვითანხმა. დღესაც ვერ ვხვდებით, რას აპირებს და გვთავაზობს ხელისუფლება. თავიდან არაეროვნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ პრობლემაა, რომ არც მერე შეცვალეს პოზიცია, არაადეკვატურ გადაწყვეტიებებს იღებენ.  ამ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომავრობამ ჩვენი აქტიური მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებება გაასაჯაროვა, აღიარა ხარვეზი, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების საკითხის მიმართულებით. გვინდა სიმართლე გაირკვეს, რაც კომპრომისს გამორიცხავს, გვაქვს კითხვები, რასაც ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს", - ამბობს მირზა ნოზაძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი აქტივისტების თვითმიზანი არ არის, რომ მაინც და მაინც გაჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, მაგრამ მიუღებლია იმ პირობით, როგორც მთავრობა აპირებს. 

,,კონსტრუქციული ურთიერთობა დაიწყოს ხელისუფლებამ თავის ხალხთან. ჩვენც გვსურს დიალოგი, მაგრამ ისე, რომ ერთმაც დათმოს რაღაც პოზიცია და მეორემაც", - აცხადებს რიონის ხეობის ,,მცველი" report.ge-თან. 

ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ვარაუდობს, რომ მხარეებს შეთანხმების მიღწევა  გაუჭირდებათ, თუმცა ფიქრობს, რომ პროექტი სამომავლოდ მაინც განხორციელდება.

,,მოღალატეებად გვთვლიდნენ მაშინაც, როცა ენგურჰესსა და ჟინავალს ვაშენებდით, მაგრამ მაინც ავაშენეთ. საბოლოოდ კი, ამ გრანდიოზული ჰესების მშენებლობით  მთელი საზოგადოების თვალში გავხდით უფრო უკეთესებიც, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგეები მაშინ ფიქრობდნენ ჩვენზე, ენგურიც და ჟინვალის წყალსაცავები ამის დადასტურებაა. საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რომ არ ვენდოთ ერთმანეთს. მაგალითად, ისეთ პერიოდში მიმუშავია, როცა ჩვენს სიტყვას დიდი ნდობა ჰქონდა, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ არავინ არაფერს გვეკითხებოდა. გარდა იმისა, რომ არსებობს პროტესტი, მთავრობას ხელს უშლის ისიც, რომ პროექტი სრულყოფილად არ არის დამუშავებული და არის საკითხები, რაც საფუძლიან კვლევას საჭიროებს", - აცხადებს ენერგეტიკოსი. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. საქმე ისაა, რომ ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება. დირკ ბუშლეს თანხმობას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system