თავში

რას პასუხობს თურნავა მისი გადაყენების მოთხოვნას

რას პასუხობს თურნავა მისი გადაყენების მოთხოვნას
რას პასუხობს თურნავა მისი გადაყენების მოთხოვნას

„აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისი გადადგომის მოთხოვნას. მინისტრის თქმით, მთავრობისთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია. 

„რაც შეეხება, გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობას და ექსპერტებს. ეს არის ოთპუნქტიანი გეგმა, მათ შორის არის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა. ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა. ეს არის მეტი ჩართულობა, როგორც ამ ფონდის მართვის პროცესში, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ველით ექსპერტებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ პროცესში, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც ჩატარებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! - არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე ქითაისსა და ბათუმში გაიმართა ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქცია, სადაც მსხვილი ჰესების მშენებლობის გაპროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებაც მოითხოვეს. მორიგი აქციის გამართვა თბილისში, პარლამენტის წინ, დაანონსდა. აქციები ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system