თავში

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა
ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც 5 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც ის გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად დაინტერესებულ მხარეებს ხვდება. 

„შეთანხმება მიღწეულია კომპანიასთან და ვფიქრობთ, ეს თავიდანვე აუცილებელი იყო. შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო. მთლიანობაში ვფიქრობთ, 5 მილიონიანი ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მაცხოვრებლებისთვის საჭირო ყველა პროექტს. მის მართვაში პირველ რიგში ჩაერთვებიან მოსახლეობის წარმომადგენლები და ეს ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რომლებიც მოხვედრილია ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაშია განთავსებული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა მოიტანოს ხეობაში მეტი განვითარება და მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოვთხოვოთ ინვესტორს“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა“ ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას დროებით არ დაიწყებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და საიმედოობას, შევთანხმდით კომპანიასთან, რომ არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე ძირითადი კვლევის შემოწმება-ვალიდაციას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ პირებს, ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს და იმედი გვაქვს, ეს საბოლოო წერტილს დაუსვამს იმას თუ რამდენად სანდოა ეს პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, გზის სამშენებლო და სხვა სამუშაოებს კომპანია გააგრძელებს. 

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია „ENKA“-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება. მინისტრის განმარტებით, ქართველი დირექტორი იქნება ენერგეტიკოსი ან მშენებელი, რომელიც ნდობას იწვევს საზოგადოებაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში. დირექტორი მიადევნებს თვალყურს, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები იყოს მეტად დაცული.

„ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამ ჩართულობის მეშვეობით მეტ გარანტიას ვუზრუნველყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს.

„შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი და ეჭვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გუშინ ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხები განიხილეს. მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system