თავში

რატომ არ აწყობს მთავრობას საარსებო მინიმუმის გაზრდა

რატომ არ აწყობს მთავრობას საარსებო მინიმუმის გაზრდა
რატომ არ აწყობს მთავრობას საარსებო მინიმუმის გაზრდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მაჩვენებელი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარზე დაფიქსირდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ, უმნიშვნელო ზრდის მიუხედავად, ის ვერანაირ გავლენას ახდენს და ვერ უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა ინფლაცია და შესაბამისად მოსახლეობის ხარჯი გაზრდილია.

საარსებო მინიმუმი სოციალური პოლიტიკის ძირითადი ვექტორია. ესაა ადამიანის მინიმალური მოთხოვნა მისი სოციალური ფუნქციონირებისთვის.

რა ნაკლოვანებებია საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდოლოგიაში და რატომ არ სურს მთავრობას მისი ზრდა, report.ge-ს ეკონომიკის ექსპერტი ვეფხია გიორგაძე უხსნის.

მისი განმარტებით, ქვეყნის სოციალური პოლიტიკის სწორება საარსებო მინიმუმზეა გათვლილი, ეს იქნება, სტიპენდიის ოდენობა, სოციალური შემწეობების მოცულობა, პენსია თუ სხვა.

საარსებო მინიმუმში გათვალისწინებულია სასურსათო და არასასურსათო კალათა. ეკონომიკის ექსპერტი ვეფხია გიორგაძე გვიხსნის, რომ დღეს საარსებო მინიმუმის 70% სასურსათო კალათაზე 30%-ი არასასურსათო კალათაზე მოდის. თავად სასურსათო კალათა კი 40 პროდუქტისგან შედგება და 1 ადამიანისთვის 24 საათში ჯამში 2300 კილოკალორიას ითვალისწინებს. გიორგაძე ამტკიცებს, რომ საარსებო მინიმუმის გათვლისას დრე-ღამის კილოკალორიული ნორმა გასაზრდელია, რადგან, განვითარებულ ქვეყნებში ის მეტია, ვიდრე 2 300 კილოკალორია.

ცნობისთვის საარსებო მინიმუმის სასურსათი კალათა ითვლება 5 ქალაქში საშუალო ფასების მიხედვით. მიღებული ოდენობა მრავლდება 14%-ზე, რაც შევაჭრების თანხაა. გიორგაძე ამბობს, რომ ცვლილებები ამ ორ შემთხვევაშიც აუცილებელია.

"სასურსათო კალათის დაანგარიშებისას აღებულია სურსათის ერთი სეზონის ფასები. არდა, სეზონურად პროდუქციის ნაირსახეობები იზრდება და ფასებიც განსხვავებულია. გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში გათბობის ხარჯი იზრდება და ესეც შესაყვანია დაანგარიშებისას ხარჯებში. ასევე, არავინ იცის, რატომაა 5 ქალაქი აღებული და არა, მაგალითად, 8. ასე ხომ უფრო დაზუსტდება საარსებო მინიმუმის მონაცემი?! გადასახედია ასევე შევაჭრების 14%-იანი კოეფიციენტი, რადგან ზოგი საერთოდ ვერ ევაჭრება და ის ამ შემთხვევაში დაჩაგრულია. ზოგადად, ექსპერტები ვთანხმდებით, რომ სასურსათო კალათაში აუცილებელია ცხოველურის წილის ზრდა მცენარეულის შემცირების ხარჯზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2007 წლიდან ვანგარიშობთ შინამეურნეობების ხარჯს, რომელმაც 56%-დან 43 %-მდე დაიწია. ანუ, აუცილებლია, სასურსათო წილის დაწევა 40-45%-მდე. დანარჩენი უნდა იყოს არასასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში. ამით საარსებო მინიმუმი გაიზრდება და დაახლოებით 400-450 ლარს გაუტოლდება. დღეს კი ის 180 ლარზე ცოტა მეტია," - აცხადებს გიორგაძე და იმასაც გვიხსნის , თუ რატომ არა აწყობს მთავრობას საარსებო მინიმუმის გაზრდა.

მისი განმარტებით, მთავრობა სოციალურ პოლიტიკას სწორედ საარსებო მინიმუმს არგებს, მისი გათვალისწინებით ადგენს. თუ საარსებო მინიმუმი გაიზრდება, მას მოუწევს პენსიების, შემწეობების, მინიმალური ხელფასების გაზრდა, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, გიორგაძის განმარტებით, საარსებო მინიმუმის გაზრდა გამოკვეთს სიღარიბის ზღვარს.

"საარსებო მინიმუმი თუ გაიზრდება მის მიღმა აღმოჩნდება მოსახლეობის 60, ანუ საარსებო მინიმუმის რეალური ზღვრის დადგენა სიღარიბის რეალურ დონეს გამოაშკარავებს. დღეს ქვეყანაში სიღარიბე ოფიციალურად 19,6 %-ია , არაოფიციალურად 3-ჯერ მეტია. არავის სურს იყოს ისეთი ქვეყნის ხელისუფალი, რომელიც მართავს ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 60%-ს შია, სწყურია, სცივა. ანუ საარსებო მინიმუმი საკვანძო ორიენტირი და ინდიკატორია, რომლის შეცვლა არ სურს მთავრობას, არადა მისი დადგენა აუცილებელია. თუ ვერ გავიგეთ, სად ვიმყოფებით, ვერ წავალთ წინ," - გვეუბნება გიორგაძე.

რაც შეხება მინიმალური ხელფასის ოდენობას, გიორგაძე მიიჩნევს, რომ ის ჯერ-ჯერობით უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან თუ ის პირობითად 300-500 ლარზე დაფიქსირდა, ბევრ პრობლემას შექმნის. მისი განმარტებით, შესაძლოა სამსახურს მიღმა დარჩეს ის კონტიგენტი, ვინც 200-400 ლარზე მუშაობს. მათი დათხოვნა მოუწევთ კომპანიებს, ანუ გადავლენ "შავ ბუღალტერიაზე", რაც ახალ თავსატეხს გაუჩენს ქვეყნის ეკონომიკას.

"არ შევცვლიდი 20 ლარს მინიმალურ ხელფასს. დღეს 500 ლარი სანატრელია ჩვენს ქვეყანაში. ისინი, ვინც დღეს 300-400 ლარზე მუშაობენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან, ან კომპანიები გადავლენ "შავ ბუღალტერიაზე". ამიტომაც მიმაჩნია, რომ უცვლელად ნდა დავტოვოთ 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი მანამ, სანამ ცხოვრების დონე არ წამოიწევს და არ წამოიწევს სახელმწიფოს ეკონომიკა," -განმარტავს გიორგაძე.

შეგახსენებთ, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს. 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანხა 162.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი ოჯახისთვის 260.7 ლარით, სამსულიანისთვის – 293.3 ლარით, ოთხსულიანისთვის – 325.9 ლარი, ხუთსულიანისთვის – 366.6 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 433.4 ლარი.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system