თავში

რატომ არის დაბალი ინტერესი სახელმწიფო საწარმოების მიმართ

რატომ არის დაბალი ინტერესი სახელმწიფო საწარმოების მიმართ
რატომ არის დაბალი ინტერესი სახელმწიფო საწარმოების მიმართ

სახელმწიფო საწარმოების მიმართ ნაკლებ ინტერესს სპეციალისტები საწარმოთა დაბალმომგებიანობას უკავშირებენ. ისინი report.ge-თან აცხადებენ, რომ საწარმოთა უმეტესობა წამგებიანია, რის გამოც მათი გაყიდვა სახელმწიფოს უჭირს. ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი სწორედ ამ ფაქტორის ხსნის გარემოებას, რის გამოც ე.წ. ,,რიყის დოქები" მეოთხე მცდელობაზეც კი არ გაიყიდა.

,,მრავალი წელია უკვე, ,,რიყის დოქები" არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ძალიან მონდომებულია ამ ობიექტის გაყიდვით, ინტერესი ბიზნესის მხრიდან ფაქტობრივად არ არის. ვფიქრობ, რომ ახალი საპრივატიზაციო წინადადების უნდა მომზადდეს, სხვა მოთხოვნები ჩამოყალიბდეს, რაც ინტერესს გაზრდის. საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი კვლევაც შეიძლება ჩატარდეს და ობიექტი ახალი პირობებით გავიდეს აქუციონზე, რათა ინვესტორები დაინტერესდნენ. თუმცა ვფიქრობ, რომ სანამ ტურიზმი არ დაიწყებს განვითარებას, ,,რიყის დოქების" გაყიდვა გაჭირდება, რადგან იგი მთლიანად ტურიზმზე მორგებული ინფრასტრუქტურაა და არსებულ მოთხოვნებს ფეხს ვერ უწყობს", - ამბობს ჩარგეიშვილი.

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით,  აუცილებელია პრივატიზაციის პროცესშიც მეტი გამჭვირვალობა, რაც კითხვის ნიშნებს მოხსნის და სახელმწიფო საწარმოების მიმართ ინტერსს გაზრდის. 

,,დეტალურად უნდა ვიცოდეთ თითოეული ობიექტის მუშაობის პრინციპი, მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში და ხშირად ბიზნესს ვერ აძლევს განვითარების საშუალებას. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, რომ მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრას და საწარმოები უფრო მეტად განვითარდნენ. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რათა ინვესტორმა იცოდეს, რამდენად სწორად ხორციელდება ეს პროცესი, ამიტომ პრივატიზაციასთან დაკავშირებული ყველა დეტალი უნდა იყოს გამჭვირვალე. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ბიზნესის ხელში გადადის სახელმწიფო ქონება და ფულზე იყიდება.  თვითონ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოგვარდეს და სწორი დასკვნა დაიდოს, რაც სპეციალური კვლევებით არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ეკონომიკისთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება", - ამბობს მომცელიძე  report.ge-თან.

თუმცა მთავრობაში ასე არ ფიქრობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, რაც ეკონომიკის გამოცოცხლების დასტურია. მისი განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ადგილობრივი ინვესტორები აქტიურობენ.

58 სახელმწიფო უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მარტში საპრივატიზაციოდ 300 მილიონი ლარის ღირებულების 150 ქონება გამოიტანა და 109 ქონება გაყიდა. ობიექტების ღირებულებამ კი 60 მილიონი ლარი შეადგინა. 41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ,,რიყის დოქები“ ოთხი მცდელობის მიუხედავად არ გაიყიდა. ობიექტი 47.5 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა, მეოთხე აუქციონი ჩაიშალა. ობიექტის გასაყიდად პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტს მთავრობა 95 მილიონ ლარად ყიდდა. ერთი წლის შემდეგ მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით გააიაფა, თუმცა ინვესტორებმა მისი ყიდვა არ ინდომეს. მესამედ კი ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში კვლავ 71.2 მლნ-ად გამოვიდა, თუმცა მისი გაყიდვა ამჯერადაც ვერ მოახერხეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system