თავში

რკინიგზაზე ტვირთი იზრდება

რკინიგზაზე ტვირთი იზრდება
რკინიგზაზე ტვირთი იზრდება

მომდინარე წელს საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა. იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგებით ჯამურად 22.2 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.6 მლნ ტონით აღემატება.

საქართველოს რკინიგზა ტვირთების ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. 8 თვეში რკინიგზით 7.15 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის 8 თვის სარკინიგზო თვირთბრუნვას 4.5%-ით აღემატება. მცირედი კლებაა ადგილობრივ და საექსპორტო ტვირთებში, თუმცა ზრდა შეინიშნება იმპორტსა და ტრანზიტში.

რკინიგზით 1.93 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებია გადაზიდული, კლება ფიქსირდება მარცვლეულის და შაქრის გადაზიდვებში. რკინისა და მანგანუმის ჯგუფში ზრდაა და 376 000 ტონას აღემატება, გაზრდილია სასუქების სარკინიგზო გადაზიდვების მაჩვენებელიც. საქართველოს დერეფნით 687 000 ტონამდე სასუქია გადატანილი. 

ცნობისთვის, წელს საქართველოს სარკინიგზო დერეფანს აქტიურად იყენებს თურქმენეთი. ლოგისტიკის ექსპერტები საქართველოს დერეფანში შუა აზიური ქვეყნიდან ტვირთის ნაწილის გადმომისამართებას ელიან.

გასათვალისწინებელია, რომ ტვირთის რაოდენობრივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულია რკინიგზის შემოსავლები. 2020 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლები 58.9 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3%-ით ნაკლებია, წინა წლის 6 თვეში ტვირთის გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

შეგახსენებთ, საქართველო საკონტრეილერო გადაზიდვების წახალისებას გეგმავს. პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილია მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რომლის მიხედვით შეიქმნება მულტიმოდალური გადაზიდვებით სქემა.

გეგმის მიხედვით, საქართველოს დერეფანში შემოსული სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით მოხდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავტომობილები გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდება, მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას.

საკონტრეილერო გადაზიდვების დაწყება ფორსირებულად განიხილება რკინიგზაშიც.

ცნობისთვის, კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის საქართველოს რკინიგზას საუკეთესო შედეგი აქვს.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახლანდელი ოპოზიციის წევრებს რკინიგზის მიზანმიმართულ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ 500 მლნ დოლარის ვალი. 2 ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად - ერთი მხრივ, მოდერნიზაცია და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოება და მეორე მხრივ, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას, ამას ერთდროულად აფინანსებდით. ასევე არაეფექტური პროგრამების მაგალითია პომპეზური შენობები, რომელიც დღესაც ჩვენ საპრივატიზებოდ გვაქვს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი, რითი დავტვირთოთ და თავის დროზე ძალიან ძვირი დაჯდა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები",-  განუცხადა ოპოზიციას პარლამენტი ინტერპელაციის წესით მისულმა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system