თავში

რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგი შემუშავდება

რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგი შემუშავდება
რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგი შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს, რა რეფორმები შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის შემდგომი კორპორატიზაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან

სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზის პრივატიზების იდეა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ერთი წლის წინ გააჟღერა, თუმცა მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დააზუსტა, რომ ივანე მაჭავარიანმა პრივატიზაციაში რესტრუქტურიზაცია იგულისხმა და მთავრობა რკინიგზის გაყიდვას არ აპირებს.

სპეციალისტების შეფასებით, "საქართველოს რკინიგზის" გაყიდვა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს ოპერირებს, სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია. მათი თქმით, საქართველოს რკინიგზას სჭირდება რეფორმა, დეცენტრალიზაცია და გადაზიდვების კომპონენტში კერძო სექტორის თავისუფალი დაშვება. სპეციალისტების მტკიცებით, ამ ფორმით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერი შემსყიდველი კომპანიის უკან აუცილებლად იქნება რუსეთის ინტერესები, რომელსაც სურს აკონტროლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფანი და არ მოგვცეს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა. 

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს რკინიგზის რეფორმის დღის წესრიგი გაწერილია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში, რომელიც მოიცავს რვა დირექტივას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system