თავში

საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ - FAO

საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპი
საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ  - FAO

აზერბაიჯანსა და საქართველოში დაწყებულია ერთ დროს აყვავებული სექტორის, ჩაის, კვლავ გამოცოცხლება. ამის შესახებ დღეს ჩაის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად FAO-ს და EBRD-ის მიერ მხარდაჭერილ ვირტუალურ მრგვალ მაგიდაზე  განაცხადეს.  შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ჩაის წარმოების ისტორია მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ  საბჭოთა ქვეყნებს ჩაით სწორედ საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ.

აზერბაიჯანი და საქართველო უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი რეგიონის ნაწილია. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ორივე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილს ამარაგებდა ჩაით. იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ინდოეთის, ჩინეთისა და შრი-ლანკას შემდეგ. 

"მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლამ ორივე ქვეყნის ჩაის სექტორის მკვეთრი ჩამოშლა გამოიწვია. დღეს, საერთო წარმოებით, რაც დაახლოებით 3000 ტონაა, ისინი წარმოადგენენ გლობალური ჩაის წარმოების 0,05 პროცენტს. დღეს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაისადმი ინტერესი იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, ორივე ქვეყნის მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ჩაის სექტორის ასაღორძინებლად. 2018 წელს, აზერბაიჯანში დამტკიცდა განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც 2027 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3000 ჰექტარამდე და წლიური წარმოება 8500 ტონამდე გაიზრდება - რაც რვაჯერ მეტია 2018 წელთან შედარებით," - აცხადებენ FAO-ში.

2016 წელს საქართველოში მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციას, უახლოესი წლების განმავლობაში.

შეხვედრაზე განმარტეს ქართული და აზერბაიჯანული ჩაის უნიკალური თვისებებიც: "აზერბაიჯანული და ქართული ჩაი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც განპირობებულია ჩაის წარმოების რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობითა და კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებით. აქაურ ჩაის ნაყენს აქვს გამჭირვალე შეფერილობა და მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ნულოვანი ქიმიკატების გამოყენებით, რაც ქმნის ორგანული პროდუქტის წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს ორივე ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას“, აცხადებენ FAO-ში. 

საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მაღალი კატეგორიის ჩაიზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მზარდია. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ხალხი ჩაის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამზე მეტ ჩაის მოიხმარენ და ამით ადგილს იკავებენ ისეთ წამყვან ჩაის მომხმარებელ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და მაროკო.

როგორც FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე განაცხადა, მდგრადი და პერსპექტიული მიდგომა, პოტენციური რისკების გათვალისწინებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, არის მთავარი ფაქტორი აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩაის სექტორების წარმატებული განვითარებისათვის.  როგორც წესი, ტემპერატურის და ნალექების მატება იწვევს ახალი მავნებლების გავრცელებას, რაც ქმნის პესტიციდების გამოყენების და ნიადაგის მორწყვის აუცილებლობას, რისი საჭიროებაც ამჟამად არ დგას.

„როგორც ახლახანს გამოქვეყნებული FAO-EBRD-ს კვლევებიდან ჩანს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაის მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი ისარგებლონ უკვე არსებული დადებითი რეპუტაციით, რომელიც აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში, შესაბამისად, სათანადო მხარდაჭერით, დაიკავონ მეტი სივრცე საერთაშორისო ბაზარზე“,- აღნიშნავენ FAO-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system