თავში

საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებს 2022 წელს გამოუშვებს

საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებს 2022 წელს გამოუშვებს
საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებს 2022 წელს გამოუშვებს

„დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრის თქმით, ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება. ბურჭულაძის განმარტებით, უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოება, იარაღის წარმოებასთან ერთად, ქვეყნის თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობას გააძლიერებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030" მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატოს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.

შარშან საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. 

საფრენი აპარატების ახალი საწარმო საქართველოში გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალები საფრენ აპარატებს ქართველი სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არემონტებენ. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.  თბილავიამშენი, „დელტასთან“ ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და აქ აღდგენილი თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

შეგახსენებთ, საქართველოში სამხედრო დრონების წარმება ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა. მაშინდელი თავდაცვისა და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ქვეყანას აქვს საჭირო ბაზა სამხედრო დრონების წარმოების დასაწყებად.

"მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია ქარხანა „თბილავიამშენის“, რომელიც „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშაა, და ქვეყნის ასეთი პოტენციალის არგამოყენება. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ, შეიძლება დრონების წარმოება," - განაცხადა გასული წლის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ახალი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს აზერბაიჯანიც. პროექტს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაღალტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანი სამუშაოების განახორციელებს. ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს სპეციალისტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სატყეო და წყლის მეურნეობის, ფლორისა და ფაუნის შესასწავლად გამოიყენებენ. ასევე მოხდება რეგიონის რადიოეკოლოგიური მონიტორინგი, რომელიც მეწამორის ატომური სადგურიდან ამ ტერიტორიაზე ნარჩენების სამარხების არსებობის შემთხვევაში მათ გამოვლენას შეუწყობს ხელს. ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირება მიმდინარეობს. მათზე გამა და ნეიტრონული დეტექტორების ინტეგრირება ხდება. სწორედ ამ დეტექტორების საშუალებით მოხდება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რადიაციული ფონის გაზომვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system