თავში

შარშანდელ დონეს ტურიზმი 2024 წლისთვის დაუბრუნდება

შარშანდელ დონეს ტურიზმი 2024 წლისთვის დაუბრუნდება
შარშანდელ დონეს ტურიზმი 2024 წლისთვის დაუბრუნდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში ტურიზმის შემოსავლების შარშანდელ ნიშნულს 2024 წლისთვის დაიბრუნებს. ორგანიზაციის განმარტებით, სასტუმროების, რესტორნებისა და მომსახურების სფეროში არსებული სირთულეები სავარაუდოდ უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი.

“საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა,” - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან $3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, წელს კი ეს რიცხვი 90-95%-ით შემცირდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 1.37 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.1%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, საქართველო თეთრი(ზამთრის) ტურიზმისთვის მზადებას იწყებს. ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდა. საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

ცნობისთვის, ზამთრის ტურისტული სეზონის ეფექტი პანდემიის მართვის ეფექტურობასთან პირდაპირ კავშირშია. სპეციალისტების პროგნოზით, მკურნალობის უნიკალური ხერხი თუ აღმოჩენილ იქნა, ზამთრის ტურიზმი იმუშავებს და დატვირთულობა 40%-ს მიაღწევს. საქართველოში ზამთრის კურორტების 5 ლოკაციაა, რაც, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ცოტა არ არის, თუმცა თუ საქართველოში ინფიცირების რეკორდები გაგრძელდა, სპეციალისტები ზამთრის ტურიზმს ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ. მათი განმარტებით, ზაფხულის კურორტებმა დიდი ზარალი მიიღო, რადგან სექტორი მხოლოდ ადგილრობრივ დაბალშემოსავლიან და მცირერიცხოვან ტურისტებზე იყო დამოკიდებული. მათივე ვარაუდით, არსებულ მძიმე მდგომარეობას ვერც თეთრი ტურიზმი გამოასწორებს.

"მძიმე სიტუაციაა ყველგან, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენ კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა," - ამბობს ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან.

ტურიზმის ექსპერტების აზრით, ზამთრის ტურიზმს ციტათი წაადგება ის ფაქტი, რომ 2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system