თავში

შეზღუდვების მოხსნა ექსპორტის ზრდის მთავარ ფაქტორად დასახელდა

შეზღუდვების მოხსნა ექსპორტის ზრდის მთავარ ფაქტორად დასახელდა
შეზღუდვების მოხსნა ექსპორტის ზრდის მთავარ ფაქტორად დასახელდა

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნამ, განსაკუთრებით საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ექსპორტი განსაკუთრებით წაახალისა. მართალია  შეზღუდვა უშუალოდ სავაჭრო ურთიერთობებს არ ეხებოდა, თუმცა, როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, ლოჯისტიკის, ასევე სხვა ობიექტური მიზეზის გამო ექსპორტს მაინც ჰქონდა პრობლემა.

,,შეზღუდვების მოხსნამ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გარკვეული გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში გლობალურ ბაზრებზეც დიდი გაურკვევლობა იყო, ლოჯისტიკასაც შეექმნა პრობლემა, რაც ექსპორტისთვის უაღრესად ნეგატიური ფაქტორია. ლოგიკურია, რომ წელს ამ მხრივ ვითარება  საგრძნობლად გამოსწორდა. იმპორტთან დაკავშირებით მას მეტი უპირატესობა აქვს იქიდან გამომდინარეც, რომ ლარის გაუფასურება ამ პროცესს ხელს არ უშლის, მეტიც, ექსპორტის სასარგებლოდაც კი მოქმედებს კურსი. ამასთან, საქართველო შარშან  გლობალურ ბაზრებზე იყო დამოკიდებული, რა ტენდენციებიც იქ ვითარდებოდა, ძირითად პარტნიორებთანაც გაურკვლობა იყო. ახლა მეტი შესაძლებლობაა", - ამბობს report.ge-თან რამაზ გერლიანი. 

რაც შეეხება ფეროშენადნობებს, მისი თქმით, ექსპორტზე ამ ნაწილს არც პანდემიურ პერიოდში, შეზღუდების ფონზეც ჰქონდა პრობლემა. ხოლო ამ პოზიციაში ექსპორტის დაწინაურება აისახა იმაზეც, რომ ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების რიგში ნომერ პირველია. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნდება.

თუმცა, დიდ დაბრკოლებად კვლავ რჩება წარმოების სიმცირე წარმოადგენს. როგორც ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, აქცენტი ისეთ დარგებზე უნდა გაკეთდეს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნას ინარჩუნებს, ამის შესაძლებლობას კი აგრარული სექტორი და გადამამუშავებელი მრეწველობა იძლევა.

,,შეზღუდვების მოხსნამ ექსპორტზე დადებითად იმოქმედა, წესით, ეს მოსალოდნელიც იყო. თუმცა ჩვენი პრობლემაა, რომ საექსპორტო დიდად არაფერი გაგვაჩნია. გამონაკლისია ღვინო და თხილი, მაგრამ არც ამის ექსპორტია იმ დონეზე, რის პოტენციალიც ქვეყანას რეალურად გააჩნია. როგორც  ვნახეთ ღვინო ექსპორტში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს, მაგრამ ამასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გვაქვს ასევე რესურსი, რომ ჩინეთთან ექსპორტის ხაზი გავაძლიეროთ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ხარჯზე. ალბათ, მომავალში ამ მიმართულებით ზრდა გაგრძელდება", - აცხადებს სიმონიშვილი.

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 820.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით გაიზარდა და 606.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

მინერალური და მტკნარი წყლები, ღვინო, ფეროშენადნობები და სპილენძი, - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც წელს საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი იყო მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე გასატანად. 

გარდა ამისა, ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველომ წელს პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ექსპორტი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system