თავში

კალანდიას ადვოკატი ,,ევროპული საქართველოს" წევრების დაკითხვას ითხოვს

კალანდიას ადვოკატი ,,ევროპული საქართველოს" წევრების დაკითხვას ითხოვს
კალანდიას ადვოკატი ,,ევროპული საქართველოს წევრების დაკითხვას ითხოვს

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა, ,,ევროპული საქართველოს" წევრების: სერგო რატიანის, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას დაკითხვას ითხოვს. 

როგორც კალანდიას უფლებადამცველმა report.ge-ს განუცხადა, სამივე დეპუტატი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი იყო. ადვოკატის თქმით, პარლამენტარებმა კალანდიას მიმართ დევნის დაწყების თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს.

,,დღევანდელ პროცესზე ჩვენ ვაყენებთ საპარლამენტო კომისიის წევრების: სერგო რატიანის, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას დაკითხვას, მოწმის სახით, იმიტომ რომ ეს სამი ადამიანი იყო ძალიან აქტიური, თავიანთი პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინათ და საპარლამენტო კომისიას მოახვიეს თავისი აზრები თავს და მიაღებინეს სრულიად დაუსაბუთებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, კალანდიას მიმართ დევნის დაწყების თაობაზე. არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მოიპოვა ამ საპარლამენტო კომისიამ, გარდა პოლიტიკური ინტრიგებისა. ლეგიტიმური კითხვები გაგვაჩნია საპარლამენტო კომისიის წევრების მიმართ და ლეგიტიმურ პასუხებს ველით მათგან", - განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

მისივე თქმით, გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე ბრალდებული მიხეილ კალანდიაც უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. 

,,უნდა დაკითხულიყო ბრალდებული, იმის გამო, რომ არ გადმოგვეცა უზენაესი სასამართლოს განაჩენი ბარბაქაძისა და ჯანაშიას მიმართ და არ შესრულდა თბილისის საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრადლებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მე უზენაესში შევიტანე მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და უზენაესმა არ შეასრულა, რომ შეესრულებინა, დღეს ჩვენ მივცემდით ჩვენებას", - აცხადებს კალანდიას უფლებადამცველი. 

დეპუტატმა სერგი კაპანაძემ კალანდიას ადვოკატის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და განმარტა, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა პოზიცია ასახულია საბოლო დასკვნაში, რომელიც კომისიამ დადო ხმების უმრავლესობით.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 28 იანვარს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შედეგად, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან პატიმრობიდან, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system