თავში

დაკარგული გზავნილი?! - რას პასუხობს ოქრუაშვილის ბრალდებებს საქართველოს ფოსტა

დაკარგული გზავნილი?! - რას პასუხობს ოქრუაშვილის ბრალდებებს საქართველოს ფოსტა
დაკარგული გზავნილი?! - რას პასუხობს ოქრუაშვილის ბრალდებებს საქართველოს ფოსტა

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი საქართველოს ფოსტისგან 3 თვეა უშედეგოდ ელოდება პასუხს, თუ სად დაიკარგა მის მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი წერილი. 

ბრალდებული მინისტრის უფლებადამცველს ეჭვი აქვს, რომ გზავნილი საქართველოს ფოსტაში შემთხვევით არ დაკარგულა და ის ე.წ. ოდეერებმა სტრასბურგში გაგზავნის ნაცვლად, თაროზე შემოდეს. ჭაბაშვილი report.ge-სთან ამბობს, რომ ევროპულ სასამართლოში საჩივარი საქართველოს ფოსტისგან დამოუკიდებლად, სხვა ხერხით გაგზავნა. 

,,2019 წლის 14 ნოემბერს გავაგზავნე საქართველოს ფოსტით სტრასბურგში საჩივარი, კონვერტში ჩადებული ყველა დოკუმენტით. იქ მითითებული იყო ადრესატი - სტრასბურგის სასამართლო. წესით, როგორც მითხრეს 7-დან 10 დღის ფარგლებში ადგილზე უნდა ყოფილიყო. თვის ბოლოს რომ მოვიკითხე გზავნილი, ფოსტაში დამაწერინეს განცხადება, რომ მოვიძიოთო, 2 დეკემბერს უკვე დავწერე განცხადება - ორი თვე გავიდა და დღემდე პასუხი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ-ოთხჯერ უკვე შევაწუხე იმ ფილიალის მენეჯერი. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იქ ე.წ. ოდეერები ჰყავთ , ნახეს, გახსნეს კონვერტი, გარედან არ ეწერა ვისი საჩივარი იყო, მაგრამ ევროპული სასამართლო რომ იყო, ჩანდა - სადღაც შემოდეს თაროზე და დააკონსერვეს", - განუცხადა მამუკა ჭაბაშვილმა report.ge-ს. 

მისივე თქმით, სარჩელი, რომელიც ევროპულ სასამართლოში გაგზავნა, 20 ივნისის საქმეს ეხება. უფლებადამცველს სტრასბურგის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. 

,,ჩვენ მაინც გავაგზავნეთ საბოლოოდ, ჩავაბარეთ. საჩივარი 20 ივნისის საქმეზე რომ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით გამოყენებას ეხება, რომელიც უკანონოა, და არ შეესაბამება იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რის გამოც შეიძლება პატიმრობა იყოს გამოყენებული, სწორედ ეს ნაწილი არის გასაჩივრებული. ცალსახად დაუსაბუთებელია მის მიმართ პატიმრობის გამოყენება. ვნახოთ რამდენ ხანში განიხილავს, წესით, როცა წინასწარპატიმრობას ეხება დიდ დროს არ ანდომებს, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაადგინოს ამ უფლების დარღვევა", - განაცხადა ადვოკატმა. 

როგორც report.ge-ს საქართველოს ფოსტაში განუცხადეს, გზავნილი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია და ამის შესახებ ადვოკატს წერილობით ეცნობა.

,,აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამგზავნის განცხადების საფუძველზე განახორციელა დეტალური მოკვლევა, რომლის შედეგებიც გადაეგზავნა გამგზავნს, სადაც დასტურდება გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის. ამის შესახებ ადვოკატს წერილობით ეცნობა", - აცხადებენ ფოსტაში. 

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი სტრასტბურგში საქართველოს ფოსტამ გასული წლის 23 დეკემბერს გაგზავნა.

დაკარგული საჩივრის შესახებ, პატიმრობაში მყოფი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტის შემდეგ გახდა ცნობილი.

,,სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო. 21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს. ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე.  ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომო სოვიეტიკუსის გარდ , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ", - წერს პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system