თავში

"რუსთავი 2-ის" საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება

"რუსთავი 2-ის" საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება
რუსთავი 2-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპანიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე წერს.

მისივე ცნობით, სხდომა დღეს, 13 ოქტომბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება და შესაძლებელია საქმის განხილვა დასრულდეს, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.  ტელეკომპანიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, იძულებით წართმეული 60% წილის დაბრუნებას ითხოვენ", - წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წელს მიმართეს.საქმეში ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, მათივე მტკიცებით, იძულებით გადაუფორმეს.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა "რუსთავის 2-ის" დასაბრუნებლად ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, "რუსთავი 2-ის" მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system