თავში

უაზრო კითხვები ჰქონდათ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს - რატომ დაკითხეს ბაჩალიაშვილის დედა

უაზრო კითხვები ჰქონდათ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს - რატომ დაკითხეს ბაჩალიაშვილის დედა
უაზრო კითხვები ჰქონდათ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს - რატომ დაკითხეს ბაჩალიაშვილის დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი დაიკითხა. 

თამაზაშვილი მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა, რომელიც საქმის ახალ ფიგურანტსა და მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის გაგზავნილ სქრინებს ეხება.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს კითხვები ტრადიციულად უაზრო იყო. მას ეჭვი აქვს, რომ გამოძიება საქმიდან ადვოკატის ჩამოშორებას ცდილობს. 

„როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ და „სქრინებიც" და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდათო, მეკითხებოდნენ, ადვოკატების წინააღმდეგ აქვთ კამპანია, რომ ჩამოაშორონ ადვოკატები საქმეს, რათა სტრასბურგში არ მოხდეს საქმის გასაჩივრება. ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი",- განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system