თავში

ვინ გააჩინა მცხეთაში ხანძარი - შსს-ს განცხადება

ვინ გააჩინა მცხეთაში ხანძარი - შსს-ს განცხადება
ვინ გააჩინა მცხეთაში ხანძარი - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მიზანმიმართულად არ გაუჩენიათ. 

,,ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებდა, რომ ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია, რაც ადვოკატის თქმით, საქმეს მეტად ბუნდოვანს ხდიდა.

„ფერადი ჯიხურის გვერდით, ის ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, არის დამწვარი. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“, - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system