თავში

"გირჩის" გადაწყვეტილება ცნობილია

"გირჩის" გადაწყვეტილება ცნობილია
გირჩის გადაწყვეტილება ცნობილია

"გირჩი" მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "გირჩის" ლიდერმა განაცხადა.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მეორე ტურში, რადგან ბოიკოტის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილეობა აზრს კარგავს. 

"ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს, ამიტომ ვთანამშრომლობთ ოპოზიციურ პარტიებთან მთელი თვეების განმავლობაში, რომ გვქონოდა გარკვეული შეთანხმება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შესვლა, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია "გირჩისთვის" პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, და მოგეხსენებათ, ჩენი სლოგანიც იყო  "გირჩი პარლამენტში", ასევე ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. ჩვენ ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე ხელი გვაქვს მოწერილი. ამიტომ, იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და ბოიკოტს უცხადებენ, "გირჩიც" უერთდება. ამასთან, ბოიკოტის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილეობა აზრს კარგავს" - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით "გირჩმა" 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლაზე პარტია "ლელოც" უარს აცხადებს. ცესკო-ს მონაცემებით "ლელომ" საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტში შესვლაზე ასევე უარი განაცხადა "ლეიბორისტულმა პარტიამ", რომელმაც 1 მანდატი მოიპოვა.

ამასთან, "ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტს სრულ ბოიკოტს უცხადებს.  "ევროპულმა საქართველომ" 5 მანდატი მოიპოვა.

ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

ასევე საკანონმდებლო ორგანოში არ შედის ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები".

საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system