თავში

კალაძე: საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება

კალაძე: საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება
კალაძე: საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება

საარჩევნო სისტემის ცვლილება თუ ვერ მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თუმცა, კალაძის განმარტებით, ცვლილებების მიღება ყველა მხარისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. 

„თუ ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჩავარდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით. თუმცა ქვეყნისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო. ამერიკის საელჩოს განცხადებაში ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. რა მითითებაც ჰქონდათ მიცემული, ოპოზიცია უნდა მიხვდეს რაზე იყო საუბარი იმ განცხადებაში“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძა უცხოელი პარტნიორების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გამო ქვეყნის რეპუტაცია დააზარალონ და პარნიორები შეცდომაში შეიყვანონ. 

„უცხოელ პარტნიორებს რაც შეეხება, არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი, შეცდომაში შეიყვანოს და გაუგებრობაში ამყოფოს ჩვენი პარტნიორები. შესაბამისად, არ ვიცი ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ როგორ იმოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეთანხმება, რომელიც შედგა მასში არ ყოფილა ერთი სიტყვაც კი ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

გარდა ამისა, განაცხადება გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. 

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით, ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებენ მხარეებს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system