თავში

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ვწერდი, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა - დენისოვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ვწერდი, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა - დენისოვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს ვწერდი, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა - დენისოვა

საქართველოში მორიგი ვიზიტით მყოფი უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს, ამბობს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაც სურდა, თუმცა რატი ბრეგაძემ მის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. 

„მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. მე მას დავურეკე, მივწერე. სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. როგორც ჩანს არსებობს რამე მიზეზები, რომ მე არ დამიკავშირდეს. მსურს, წარმომიდგინონ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები. დღეს მისი შიმშილობის დაწყებიდან 47 დღე გავიდა. მსურს, მთავარმა ექიმმა ამიხსნას, რა აღჭურვილობა არის, ამ აღჭურვილობის ჩამონათვალი და არიან თუ არა სპეციალისტები ამ აღჭურვილობის გამოსაყენებლად. რადგან დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ დგას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც წამოიღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან და რომელიც დგას დერეფანში იმ განყოფილების მახლობლად, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. როგორ არის შესაძლებელი ამ აპარატის გამოყენება, ეს კითხვაც არის. ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიღებაც შეგვიძლია მხოლოდ ადვოკატებისგან ან კონსილიუმის შემადგენლობაში მყოფი ექიმებისგან. ვისურვებდი, პირადად დავრწმუნებულიყავი, რომ არსებობს აღჭურვილობა, არიან პროფესიონალი ექიმები. შეგვიძლია დავუშვათ, რომ სასჯელაღსრულების ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ არიან კვალიფიციური ექიმები, რადგან 14 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფო დახმარება სხვა სახელმწიფო კლინიკიდან გამოიძახეს. ამიტომ ვისურვებდი, ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში მეორე ვიციტით იმყოფება. ის თბილისში გუშინ, 15 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა მას დღეს აცნობეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა. დენისოვა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მაინც მივიდა და ციხის ადმინსიტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

ლუდმილა დენისოვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას წამებად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system