თავში

"ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალება" - ოლიმპიური კომიტეტი

"ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალება" - ოლიმპიური კომიტეტი
ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალება - ოლიმპიური კომიტეტი

ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვიქტორ სანეევის გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებრიობაში, მსოფლიოს დიდ ოლიმპიურ ოჯახში. 

ამ სამწუხარო ფაქტმა შეძრა ქართული სპორტული სამყარო, მთელი ქართული საზოგადოება.

სოხუმში დაბადებულ ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს უარი თავის სამშობლოზე და არაერთი მაცთუნებელი წინადადების მიუხედავად, მთელი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს წარმოადგენდა. 

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, იგი თავის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა და 2022 წლის 2 იანვარს იქვე აღესრულა 76 წლისა.

გასული საუკუნის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასაფლავება მშობლიურ მიწაში ერჩია.

საქართველოს სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა მისი ამ სურვილის აღსასრულებლად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის სახელით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მის ოჯახს შესთავაზა ვიქტორ სანეევის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და სათანადო პატივით დაკრძალვა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

ამასთან, ოჯახს ეცნობა, რომ ქართული მხარე მზად იყო, გაეღო საამისოდ საჭირო ყველა ხარჯი.ამ შეთავაზების საპასუხოდ ვიქტორ სანეევის მეუღლემ იანა ხვარწკიამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა მადლიერებით აღსავსე წერილი, რომელშიც იგი წერს:

„მე და სანდრო დიდად ვაფასებთ იმ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელსაც ამ დღეებში საქართველოდან ვგრძნობთ. ჩვენ ორივენი მადლიერი ვართ სამინისტროსი და თბილისის მერიისა, მათი მზადყოფნისათვის დაიკრძალოს ვიქტორი პანთეონში. იყო რა ამაყი თავისი ქართველობით, ვიქტორი დიდად მადლიერი იქნებოდა მისი პიროვნებისა და დამსახურების ასეთი აღიარებით. ოჯახში განვიხილეთ თქვენი შემოთავაზება და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, არ განვახორციელოთ იგი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სიდნეიში ცხოვრობს, ამ უპრეცედენტო დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უფრო და უფრო გართულდება და ჩვენ არ გვექნება საშუალება მივაკითხოთ მის საფლავს ისე ხშირად, როგორც ამას ვისურვებდით. დიდი მადლობა გაგებისათვის.

“სათანადო ოფიციალური ფორმალობების გამო, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ზუსტი თარიღი. 

იგი დაიკრძალება სიდნეიში. გამოსვენება მოხდება სიდნეის ერთ-ერთი ეკლესიიდან. სამგლოვიარო რიტუალის აღსრულებაში ჩართულია ავსტრალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სხვა მრავალრიცხოვან გვირგვინს სახელოვანი ჩემპიონის უკანასკნელ გზაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გაგზავნილი სამგლოვიარო გვირგვინიც შეუერთდება.

ვიქტორ სანეევის ამქვეყნიური ცხოვრება შორეულ ავსტრალიაში დასრულდა. ამიერიდან იგი უკვდავებაში გადადის, სადაც არც სივრცე და არც დრო აღარაფერს ნიშნავს", - აღნიშნულია ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system