თავში

ანკარას სასამართლომ 10 ადმირალი გაათავისუფლა

ანკარას სასამართლომ 10 ადმირალი გაათავისუფლა
ანკარას სასამართლომ 10 ადმირალი გაათავისუფლა

ანკარას სასამართლომ მონტრეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაკავებული 10 ადმირალი გაათავისუფლა. ყოფილი საზღვაო მაღალჩინოსნები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსთან დაკავშირებული კონვენციის მხარდამჭერი განცხადების გამო სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. გადამდგარ ადმირალებს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გაუსვლელობაზე მოაწერინეს ხელი. ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება NTV ავრცელებს.

104 ადმირალის მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება 4 აპრილს გამოქვეყნდა. ყოფილ საზღვაო მაღალჩინოსნებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი, რასაც 10 პირის დაკავება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონტრეს ხელშეკრულებისა და ახალი არხის - "სტამბულის" - მშენებლობის ერთმანეთთან დაკავშირებას შეცდომა, ხოლო სამხედროების პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას დაუშვებელი უწოდა.

მონტრეს კონვენციას 1936 მოეწერა ხელი, რომლითაც შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტები თურქეთის რესპუბლიკას გადეცა. კომერციული გემებისთვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს თავისუფალია. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში არსებითი შეზღუდვების გარეშე ატარებენ. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების მიმოსვლა მათი კლასის, ტონაჟისა და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით იზღუდება. 

ყოფილმა ადმირალებმა შეშფოთება გამოთქვეს მონტრეს კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც მათი განცხადებით, თურქეთისთვის საზღვაო უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას წარმოადგენს. სტამბულში შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი ახალი 45 კილომეტრიანი არხის გაჭრა მონტრეს კონვენციის გადახედვას გამოიწვევს, რაც, ადმირალების განცხადებით თურქეთისთვის სასარგებლო არ იქნება. ისინი მიიჩნევენ რომ მონტრეს კონვენციამ თურქეთს მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტის შენარჩუნების საშუალება მისცა. მათი თქმით, ხელშეკრულების რევიზია არ უნდა მოხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system