თავში

ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი გაათავისუფლეს

​ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი გაათავისუფლეს
ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი გაათავისუფლეს

ბელარუსის ხელისუფლებამ დასავლეთის გაძლიერებული ზეწოლისა და ევროკავშირის მოსალოდნელი სანქციების ფონზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი გაათავისუფლა. ევროკავშირი გმობს ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და რეპრესიებს და ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების საკითხს განიხილავს.

გათავისუფლებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. ბევრ მათგანს ცემისა და ფიზიკური ზეწოლის კვალი აღენიშნებოდა. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საკანში, სადაც 4 ადამიანის ადგილი იყო, 30-მდე დაკავებული ჰყავდათ მოთავსებული.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. ევროგაერთიანების საგარეო მინისტრები საკითხზე ხვალ იმსჯელებენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system