თავში

ევროკავში ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

​ევროკავში ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავში ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ბელარუსში საპროტესტო აქციებსა და არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისთვის ბოლო 24 საათში 700-მდე ადამიანი დააკავეს.

მასობრივი დაპატიმრების შედეგად საპატიმროში 6000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ გადაყვანილი. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც სამართალდამცავებს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული. დაპირისპირებისას დაშავდნენ სამართალდამცავებიც. ოფიციალური მონაცემებით დაზიანებები მიიღო 103-მა მილიციელმა. 28 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს. ხელისუფლება დემონსტრანტებს ძალის უხეშად გამოყენებით შლის.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. აშშ-ის შემდეგ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე განცხადებას აკეთებს ევროკავშირი. ევროგაერთიანების საგარეო მინისტრები საკითხზე ხვალ იმსჯელებენ.

ბელარუსი ხალხის ბრძოლას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მხარდაჭერას უცხადებენ პოლონეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები. მათ ვარშავაში ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ თანამემამულეების მხარდამჭერი აქცია გამართეს.  

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, მეზობელი ქვეყნები პოლონეთი და ლიტვა მზად არიან, ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ითამაშონ. კითხვაზე, როგორი რეაგირება ექნება NATO-ს ბელარუსში განვითარებულ პროცესებზე, ბლაშჩაკმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ეს ის მოვლენები არ არის, რომელშიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უნდა ჩაერიოს. "ვფიქრობ, რაც ბელარუსში ხდება, ეს, პირველ რიგში მეზობლების მხარდაჭერის საკითხია. არ მგონია, რომ ეს კარგი თემა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის", განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system