თავში

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართა

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართა
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში ცხრა სოფელზე დაამყარა კონტროლი.

მოსახლეობისადმი მიმართვისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამჟამად ახალი ისტორია იწერება, რადგან ისტორიული სამართლიანობის პროცესის აღდგენა ხდება.

"ჩვენ ყველა ქალაქს აღვადგენთ. სომხების მიერ დანგრეულ მეჩეთებს აღვადგენთ. ამ რეგიონებში სიცოცხლე დაბრუნდება... ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიბრძვით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ სამართლიან გზაზე ვართ", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გათავისუფლებული სოფლების დევნილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი წინაპრების მიწებზე დაბრუნდებიან.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოუწოდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გავლენა მოეხდინათ სომხეთის ხელისუფლებაზე, მაგრამ სამშვიდობო ინიციატივები უპასუხოდ დარჩა და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომხეთის პოზიციების შენარჩუნებას არასდროს შეურიგდება.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი იმედით ცხოვრობდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას მშვიდობიანი გზით ცდილობდა, თუმცა ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციას აწყდებოდა.

"სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად დაფიქრდეს, სანამ გვიანი არ არის. ფაშინიანი 7 პირობას გვიყენებს. ვინაა ის, რომ პირობა დაგვიყენოს?! უნდა ვნახო, ახლა რა პირობას წაგვიყენებ. მუხლებზე იხვეწები, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგეს. ცეცხლის შეწყვეტა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით ორი წლის განმავლობაში იყო აღდგენილი. მან მთხოვა, შიდა ვითარება მძიმე არისო, ყველა მხრიდან მაწვებიანო, დრო მომეცითო და ამ საკითხს გადავწყვეტო, ახალი იდეებით მოვედიო, ყველაფერი გადავხაზე, რაც წარსულში იყოო, მომეცი საშუალებაო, დრო მომეციო. მე კი ვუთხარი და რა მოხდა? ერთ წელიწადში გამოდის და ამბობს "ყარაბაღი სომხეთია", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, თავის მხრივ აზერბაიჯანი სომხეთს მხოლოდ ერთ მოთხოვნას უყენებს.

"დატოვონ ჩვენი მიწები. დატოვონ და დაპირისპირება შეწყდება. მაგრამ სიტყვიერად ხომ არა, არამედ საქმით. თქვას, მე ვაღიარებ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს ფუნდამენტური პრინციპებითაა განმტკიცებული. თქვას, მე გავიყვან ჯარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც ეს ფუნდამენტური პრინციპებითაა განმტკიცებული. ბოდიში მოუხადოს აზერბაიჯანელ ერს და თქვას, რომ სომხეთი ყარაბაღი არ არის. ბოლო პირობა - მოგვცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკი. მაშინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რა თქმა უნდა, აღვადგენთ", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელები სამართლიანობის მომხრეები არიან.

"ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ, აზერბაიჯანელი ერის იმედებს ვამართლებთ და მომავალში გავამართლებთ. ჩვენ მართლები ვართ და გავიმარჯვებთ. ყარაბაღი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system