თავში

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ბრალდებებს უარყოფს - განახლებულია

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ბრალდებებს უარყოფს
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ბრალდებებს უარყოფს - განახლებულია

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რაკეტის მოხვედრა არ ყოფილა, – ამის შესახებ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ალი აბედზადეს თქმით, თვითმფრინავზე რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ნაწილები უფრო დიდ ტერიტორიაზე იქნებოდა აღმოჩენილი.

„ტექნიკური ანგარიში დასრულებულია და გამოქვეყნდება. თვითმფრინავს აფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, პილოტმა აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა და მისი მთავარი პრიორიტეტი მგზავრების უსაფრთხოება იყო. აფრენიდან რამდენიმე წუთში, ის დაუკავშირდა საკონტროლო კოშკს, მანამდე კი, ექვსი ათას ფუტზე სიმაღლის მომატებაზე თანხმობა მოითხოვა. უფრო კონკრეტული ინფორმაცია "შავი ყუთების" გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი. ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც დაგვეხმარებიან გამოძიებაში“, – აღნიშნა აბედზადემ.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები დაზიანებულია და მათ აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ალი აბედზადე აცხადებს, რომ თუ ირანელი ტექნიკური ექსპერტები შავი ყუთების აღდგენას ვერ შეძლებენ, თეირანი დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართავს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებას სავარაუდოდ 1 ან 2 წლი დასჭირდება, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ირანის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფის ადგილიდან შავი ყუთის ამოღებას ერთი ან ორი თვე დასჭირდება. 

10:55

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ალი რაბეიმ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი Boeing-737 ირანული რაკეტის საშუალებით ჩამოაგდეს და ინფორმაციას ”დიდი სიცრუე” და ”თაღლითობა” უწოდა.

”მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს ბრალდება თაღლითობაა, არავინ გაბედავს პასუხისმგებლობის აღებას ასეთ დიდი სიცრუეზე”, - განაცხადა რაბეიმ.

მან ბრალდებას ”აშშ-ს მთავრობის მხრიდან ფსიქოლოგიური ოპერაცია” უწოდა.

წინა დღით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი სავარაუდოდ, ირანული რაკეტით ჩამოაგდეს და ამის მტკიცებულებები არსებობს.

ტრიუდოს თქმით, კანადის მთავრობა არ მოისვენებს, სანამ არ მიაღწევს „გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართალს.“ ჯონსონმა ყველა მხარეს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ მოუწოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასევე საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში გამგზავრებაზე უარი თქვან. ამის შესახებ გდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიმართულებით ფრენა, უკან დაბრუნება ან შიდა ფრენები არ არის რეკომენდებული.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ირანის რაკეტით ჩამოაგდეს და დაძაბულობის ესკალაციის გათვალისწინებით, ჩვენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, ირანში არ იმოგზაურონ “, – განაცხადა დომინიკ რააბმა.

ამასთან, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა აშშ-ის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ნაციონალურ საბჭოს (NTSB) მისი წარმომადგენლის მონაწილეობა „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზთა გამოძიებაში შესთავაზა. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აბედზადეს თქმით, NTSB-ის და ავიამშენებელი კომპანიის, „ბოინგის“ წარმომადგენლების გარდა, გამოძიებაში მონაწილეობას უკრაინის, კანადის და საფრანგეთის ექსპერტებსაც სთავაზობენ. ამერიკულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ ირანისგან შეთავაზება მიიღო და წარმომადგენელიც უკვე დანიშნა. 

შეგახსენებთ, რომ უცხოური მედია უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე წერს. ამერიკული მედიის ცნობით თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

ამერიკულმა გამოცემა „The New York Times“ ავრცელებს ვიდეო, რომელზეც შესაძლოა, უკრაინულ თვითმფრინავზე რაკეტის მოხვედრა იყოს ასახული.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system