თავში

აგროდაზღვევაზე მოთხოვნა ორი კვირაა უცვლელია

აგროდაზღვევაზე მოთხოვნა ორი კვირაა უცვლელია
აგროდაზღვევაზე მოთხოვნა ორი კვირაა უცვლელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით (15 ოქტომბერი), აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30 %-ით მეტია. 

დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.

უწყების მონაცემები იდენტურია 2 კვირის წინ არსებული მონაცემებისა,რაც იმას ნიშნავს, რომ გაროდაზღვევაზე ჯერ კიდევ დაბალი მოთხოვნაა. არადა, სოფლის მეურნეობის მინისტრი პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს და სიამაყით აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ბიუჯეტი 40 მლნ ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ხელისფლება მნიშვნელოვან გარღვევას აპირებს და შედეგსაც ელოდება.

"გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი,“ - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას. საქართველოში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. აგრობიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არასრულფასოვანია, რადგან მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

ციფრების ზრდის მიუხედავად, აგროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system