თავში

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა

შარშანდელის მსგავსად, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება წელსაც მოხდება, რისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი. არასტანდარტული მანდარინის მიღება ნოემბრის 25-27-დან დაიწყება. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, წელს, აჭარაში ციტრუსის საპროგნოზო მოსავალი 40 000 ტონაა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20 000 ტონით ნაკლებია. 40 000 ტონა მოსავლიდან დაახლოებით 6-7 ათასი ტონა იქნება არასტანდარტული ციტრუსი. 

უწყებაში მოსავლის შემცირებას ორი მიზეზით ხსნიან: ესაა მეწლეურობა, რაც მრავალწლოვან კულტურებისთვის დამახასიათებელია. მეორე მიზეზი გასულ წლის ყინვებია, რამაც ნარგავები დააზიანა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოსავალი შემცირებულია რაოდენობრივად, თუმცა გაზრდილია მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი. ხარისხის მატების კვალდაკვალ სპეციალისტები აჭარაში ციტრუსის ფასის მატებას პროგნოზირებენ. შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან.

რაც შეეხება ციტრუსის გასაღების ბაზრებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სტანდარტული ციტრუსის მინიმუმ 50% ექსპორტზე გავა. 

უწყების განმარტებით, წელს ტრადიციული საექსპორტო ბაზრები შენარჩუნდება. 40 000 ტონა მოსავლიდან, 15 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და ექსპორტიორები არიან შეთანხმებული.  

"სტანდარტული ციტრუსის 50% რომ ექსპორტზე გავა, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია. წელს გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩება ქართველ ფერმერს, როგორც აჭარაში ასევე გურიასა და სამეგრელოშიც. ბაზრის ანალიზის და დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა“,  - ამბობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, კორონა შეზღუდვები მათ ხელს არცერთ შემთხვევაში არ შეუშლით არც რეალიზაციასა და არც პროდუქტის ქვეყნიდან გატანაში. 

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ციტრუსის რეალიზაციის ხელშესაწყობად საკოორდინაციო შტაბი უკვე ამოქმედდა. შტაბი მუშაობას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეუდგა და 1 თებერვლამდე გააგრძელებს. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. 

ცნობისთვის, წელს ციტრუსის ექსპორტის უმეტეობა სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა. ქართული ციტრუსის ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა შარშან ბაზრების გეოგრაფია გაიზარდა, ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაიზარდა შუა აზიაში, დაინტერესდნენ ბელორუსიდანაც. ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა. გასულ წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა.

კარგი ხარისხით გამოირჩეოდა ციტრუსის შარშანდელი მოსავალიც. 

შარშან აჭარამ 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი მოიწია. კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყებოდა და 1,5 ლარს აღწევდა. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფომ სუბსიდირება მოახდინა. ციტრუსის ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system