თავში

ათ დღეში საქართველო ახალ ევრობონდებს განათავსებს

ათ დღეში საქართველო ახალ ევრობონდებს განათავსებს
ათ დღეში საქართველო ახალ ევრობონდებს განათავსებს

დღეს 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდები დაიფარება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, რომ დღეს საქართველოს მთავრობა 10 წლის წინ გამოშვებულ ევროობლიგაციების ძირ თანხას  $500 მილიონს დაფარავს. სესხი რეფინანსირდება, რაც ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ნიშნავს.

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ათი დღის ვადაში ჩვენი ქვეყანა წარმატებით განათავსებს $500 მილიონის ახალ ევრობონდებს. ამაში ჩართულია საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი კლასის ბანკები და ვფიქრობ, ეს განთავსება წარმატებით მოხდება“, - ამბობს კოვზანაძე. 

2011 წელს გამოშვებული სუვერენული ევროობლიგაციის განაკვეთი 6.875%-ს შეადგენდა. რისკის პრემია, რასაც ინვესტორები რეფინანსირებულ $500 მილიონიან სესხს დააკისრებენ, 6.875%-ზე ნაკლები უნდა იყოს, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესებულია.

ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი.

ცნობისთვის, საქართველომ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები პირველად 2008 წელს გამოუშვა, ამ ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება 2011 წელს მოხდა და სწორედ მათი მომსახურება უნდა მოხდეს დღეს, 12 აპრილს.

ცნობისთვის, 2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი წლიურად 9.7 მლრდ ლარით გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით მშპ-ის 60.3% შეადგინა. 2021 წელს მთავრობა 500 მლნ ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს და ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პარამეტრების პანდემიამდელ არსებულ ნიშნულამდე დაბრუნება მთავარი გამოწვევაა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, თქმით, 2022 წლიდან რადიკალურად უნდა დაიწყოს დეფიციტის რადიკალური შემცირება და ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, 2%-ის ფარგლებში. საქართველომ 2020 წელი 7 მილიარდ დოლარიანი ვალით დახურა. 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system