თავში

ფინანსთა მინისტრი: ზამთარი არ იქნება იოლი

ფინანსთა მინისტრი: ზამთარი არ იქნება იოლი
ფინანსთა მინისტრი: ზამთარი არ იქნება იოლი

"ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ტურიზმი წლის ბოლომდე ნაწილობრივაც ვერ აღდგება. ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, ზამთარი არ იქნება იოლი.

"იცით, რომ 1-ელი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი დღეს პრემიერმაც დააანონსა.

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system