თავში

კომუნალური გადასახადების 4-თვიანი სუბსიდია 2021 წლის ბიუჯეტში გაიწერა

კომუნალური გადასახადების 4-თვიანი სუბსიდია 2021 წლის ბიუჯეტში გაიწერა
კომუნალური გადასახადების 4-თვიანი სუბსიდია 2021 წლის ბიუჯეტში გაიწერა

"კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს. მისივე განმარტებით, პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში ეს პროგრამა საკომპენსაციო პაკეტებშია გაწერილი.

სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას.

„ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს. შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტამდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ“, - ამბობს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალ პაკეტს ამზადებს. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზაზე, რომლითაც გახარიას მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. 

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system