თავში

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს
მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს

"2022-2023 წელს უფრო სწრაფ და დინამიკურ ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. ამ პერიოდში, უკვე საბაზრო მექანიზმები იმოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს სუბსიდირება," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს. 

მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ენერგეტიკაში დაბალი ტარიფებია და სერვისის გაძვირება გარდაუვალი გახდა. 

„2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, რაც, ძირითადად, კვების მრეწველობას შეეხება. 2022-2023 წელს უფრო სწრაფ და დინამიკურ ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. ამ პერიოდში, უკვე საბაზრო მექანიზმები იმოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს სუბსიდირება. იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია, როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“ - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

მინისტრის პოზიციას იზიარებს ექსპერტების უმრავლესობაც. სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების მიუხედავად, ელექტროენერგია საქართველოში ბევრად იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია. არჩავძე ამბობს, რომ დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და, ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება.

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system