თავში

პრემიერ-მინისტრი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

​პრემიერ-მინისტრი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამარ
პრემიერ-მინისტრი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართა.

საქართველოს დელეგაციას და საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სხვა მაღალი რანგის სტუმრებს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის სამეფო თეატრში უმასპინძლა.

ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მადრიდის მერმა და ესპანეთის სამეფოს ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში მადრიდში პირველი საერთაშორისო გამოფენის ჩატარების საშუალება გვაქვს. ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი, ტურიზმის აღდგენის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ საშიშ ვირუსს. სიტუაცია უმჯობესდება და ჩვენ ყველა ოპტიმისტები ვართ. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა მადრიდში! კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, - მიმართა სტუმრებს ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღესვე მადრიდში ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“ . 

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტული დარგია, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს ეცნობა.

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს. ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა 2021 წლის ზაფხულისთვის განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system