თავში

რა შედეგი აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთვის

რა შედეგი აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობა
რა შედეგი აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთვის

"ექსპოპრტის წასახალისელად მეტი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რათა კომპანიებს შორის მეტი კონტაქტი შედგეს, თუნდაც ონლაინ," - ასე ფიქრობს ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, ანი კვარაცხელია.

კვარაცხელია ამბობს, რომ ქვეყანა ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით მიღებულ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებს და, შესაბამისად, ამ შესაძლებლობიდან იმდენ ეკონომიკურ სიკეთეს ვერ იღებს, რამდენიც უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ევროკავშირთან DCFTA-ს ხელმოწერისას პროგნოზები გაცილებით უკეთესი იყო. ექსპორტის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად ვაჭრობის დინამიკა ჩინეთთან უფრო აქტიურია, ვიდრე ევროკავშირთან. ანა კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ ეს მხოლოდ ხელშეკრულების გამო არ ხდება და პანდემიის ნეგატიური შედეგია. ნებისმიერ შემთხვევაში, კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ ძალისხმევა ევროკავშირის ბაზრის მეტად ასათვისებლად უნდა გაიზარდოს. 

„ჩინეთში ვაჭრობა საკმაოდ კარგად მიდის, ვიდრე ევროკავშირთან. ვადების კუთხით ჩინეთი გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირში, მაგრამ აქ არის მეორე თემა, ევროკავშირში ექსპორტი ნიშნავს მეტად მაღალი ხარისხის წარმოებას, მდგრადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ევროკავშირის ნაწილი ხარისხის და მდგრადობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ევროკავშირში ექსპორტის კუთხით ნაკლები ძალისხმევა არ უნდა დავხარჯოთ“, - ამბობს კვარაცხელია, რომელსაც პოზიტიური მოლოდინები აქვს. მისი აზრით,  მეორე კვარტალში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, როცა ვაქცინაციის პროცესი მთელ მსოფლიოში წავა.

შეგახსენებთ, ექსპორტის შემაფერხებელ ერთ-ერთი მიზეზად გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკა სახელდება.  

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა. 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა. 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system