თავში

სავაჭრო პარტნიორების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

სავაჭრო პარტნიორების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
სავაჭრო პარტნიორების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განმარტებით, საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას მასზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ სებ-ის პროგნოზები დიდწილად ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და გაცვლითი კურსების მოსალოდნელი დინამიკის შესახებ დაშვებებს ეყრდნობა.

"პროგნოზისა და მასთან დაკავშირებული რისკების ცვლილებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ვითარების შესახებ განახლებული დაშვებები. განახლებული პროგნოზით, 2021 წლის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური გაჯანსაღების ტემპი არსებითად არ შეცვლილა. თუმცა საყურადღებოა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მოსალოდნელი გაუფასურების ზომის მატება. ეს შესაძლებელია პანდემიის გახანგრძლივებამ განაპირობა, რის შედეგადაც კაპიტალის განვითარებულ ქვეყნებში გადინების რისკები კვლავ არსებობს. კაპიტალის გადინების შედეგად კი გაცვლითი კურსი უფასურდება. გაცვლითი კურსის მოსალოდნელი გაუფასურების ფონზე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციური მოლოდინებიც გაიზარდა," - ვკითხულობთ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

შეგახსენებთ, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ათეულში შემდეგ პოზიციებზეა: აშშ, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 670 048.4 ათას დოლარს გაუტოლდა და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა რიგებში მეოთხე ადგილს იკავებს. მას მოსდევს სომხეთი ბრუნვის 465 530.4 ათას დოლარიანი მაჩვენებლით.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ გაუფასურდა ლარი და მისი სავაჭრო პარტნიორი ვალუტები, ან თუნდაც, რა დონეზეა ინფლაცია საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ან სულაც, როგორი მონეტარული პოლიტიკაა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში,  იკითხეთ report.ge. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system