თავში

"სოკარის" აგროდიზელზე ფასდაკლებას ფერმერები აპლიკაციითაც მიიღებენ

"სოკარის" აგროდიზელზე ფასდაკლებას ფერმერები აპლიკაციითაც მიიღებენ
სოკარის აგროდიზელზე ფასდაკლებას ფერმერები აპლიკაციითაც მიიღებენ

"სოკარში" ფერმერები აგროდიზელს შეღავათიან ფასში წელსაც მიიღებენ. სიახლე ისაა, რომ ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ. 

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამა  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით წარმატებული იყო. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. სამინისტრო აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში სოკართან თანამშრომლობას წელსაც გააგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერას ესწრებოდნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ფაიგ გულიევი.

აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

თავად კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system