თავში

წელს ტურისტების ოდენობის 22-55% -იან ზრდას ელოდებიან

წელს ტურისტების ოდენობის 22-55% -იან ზრდას ელოდებიან
წელს ტურისტების ოდენობის 22-55% -იან ზრდას ელოდებიან

2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 74% -ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2021-ზე განაცხადა. მისი თქმით, შარშან, საკარანტინო შეზღუდვების გამო, საერთაშორისო ტურისტული ნაკადი შემცირდა ერთი მილიარდი ვიზიტით 2019 წელთან შედარებით. ეპიდემიამ შარშან უმუშევრად დატოვა სექტორში დასაქმებული 100 – დან 120 მილიონამდე ადამიანი. პოლოლიკაშვილის პროგნოზით, ტურიზმს ფინანსური ზარალი აღდგენა დაახლოებით ოთხი წელშია შესაძლებელი. მოგზაურობის ინდუსტრიამ დაკარგა 935 მილიარდი დოლარი 2020 წლის პირველ 10 თვეში კორონავირუსის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივნის შეფასებით, კორონავირუსის ნეგატიური გავლენა გრძელდება 2021 წელსაც, რადგან ახალი შტამების აღმოჩენა ახალი შეზღუდვების შემოღებას იწვევს ქაოსს და მოგზაურობისადმი ინტერესის კლებას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ტურისტების რაოდენობა 22–55% -ით გაიზრდება.

ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს. კავშირის ქვეყნები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრების გახსნაზე უკვე  შეთანხმდნენ. ევროგაერთიანება ახალ რეკომენდაციებს უახლეს მომავალში შეიმუშავებს. ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში კოვიდპასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

პანდემიამ მსოფლიო მშპ-ში ტურიზმის წილი ორჯერ შეამცირა. მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ტურიზმის სფეროში 62 მლნ სამუშაო ადგილი შემცირდა, რაც თითქმის 18,5%-ია. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრიაში 272 მლნ ადამიანია დასაქმებული. ანგარიშსი განმარტებულია, რომ პანდემიამდემსოფლიოში ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. მსოფლიოში მთლიანი სამუშაო ადგილების 10,6% საერთაშორისო ტურიზმის წილი იყო, რაც 334 მლნ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ანგარიშის მიხედვით, თუკი 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმმა 9,2 ტრლნ დოლარი დააგენერირა, 2020 წელს სექტორმა, თითქმის, 4,5 ტრლნ დოლარი დაკარგა, ხოლო მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტზე მისი წილი 49%-ითაა შემცირებული. აქვე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპი 3,7%-ით დაეცა.

2019 წელს მოგზაურობების დროს დამსვენებლებმა 1,7 ტრლნ დოლარი დახარჯეს, რაც საერთაშორისო ექსპორტის, თითქმის, 7%-ს, ხოლო მომსახურების ექსპორტის 27,4%-ს შეადგენდა. 2020 წელს თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს ტურისტების ხარჯები 45%-ით, ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები, თითქმის, 70%-ით შემცირდა.

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტული დარგია, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს ეცნობა.

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს.  ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა 2021 წლის ზაფხულისთვის განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system