თავში

გიგი უგულავა სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს

გიგი უგულავა სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს
გიგი უგულავა სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განიხილა ხმაური ფონზე მიმდინარეობს, გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 

დაცვის მხარე პროცესის საჯაროობას და სხდომაზე ბრალდებულის დასწრებას ითხოვს. იგივე მოთხოვნა ჰქონდა უგულავასაც, რომელიც ასევე ბრალდებულია დღეს განსახილველ, 7 ნოემბრის საქმეზე. 

გიგი უგულავამ მოსამართლე სასამართლო სხდომებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა სხვა მედიასაშუალებების დასწრების უფლება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსამართლეს სთავაზობდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნინული პროცესის პირდაპირი ტრანსლირება განეხორციელებინა. 

უარის მიღების შემდეგ უგულავამ სხდომაზე facebook ლაივი ჩართო. რის გამოც მოსამართლემ ის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთან, უგულავა სიტყვიერად დაუპირისპირდა საქმის პროკურორებს, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა. 

"ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა - არა, ესე იგი, არა. ამასთან, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთშიც არ ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა უნდა პატიმარს და უარს ეუბნები...

ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მიყვანაზე უარს, სატელეფონო ზარზე უარს, ყველაფერზე უარს...სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის. პოლიტიკური დაკვეთაა აბა რა არის?! შეციცინებენ პროკურორ ჯარჯის, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა" - განუცხადა პროცესიდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული.

ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და ოპოზიციის ლიდერები. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system