თავში

"მძიმე საუბარი გვქონდა" - ნოდარ მელაძე

"მძიმე საუბარი გვქონდა" - ნოდარ მელაძე
მძიმე საუბარი გვქონდა - ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია "პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკითხეს. 

ნოდარ მელაძის განცხადებით, დაკითხვისას დასმული კითხვები ძირითადად წყაროს ვინაობას ეხებოდა. როგორც მელაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი საკმაოდ მძიმედ წარიმართა. 

„მე შემეძლო კანონის თანახმად საერთოდ არ მიმეცა ჩვენება, არ მოვსულიყავი მათ შორის, არც სასამართლოში და მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით. 

სასამართლოში ჩვენების მისაცემად მოვედი, რადგან მაინტერესებდა, დამენახა პროკურატურის განზრახვა რა იყო. საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს, პროკურატურის განზრახვა ერთადერთია - მათ სურთ გაარკვიონ წყაროს ვინაობა. კითხვები ეხებოდა იმას, ჩანაწერები საიდან, როგორ, რა ფორმით, რომელ დღეს, ვისგან მივიღეთ. მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო.

პროკურატურას პირდაპირ ვუთხარი, როგორც კი დავინახავთ, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე, რომელიც ჩანაწერში იყო, დაიწყებენ, ჩვენ გადავცემთ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც, ჩვენთან რედაქციაშია და არა იმ ფორმით, როგორც თვითონ ითხოვდნენ - ელექტრონული მატარებლით. დაიწყონ გამოძიება ადეკვატური მუხლით, ამის პრაქტიკა ბევრჯერ გვახსოვს, როცა საჯარო სივრცეში გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებოდა ხოლმე გამოძიება და გადავცემთ ჩანაწერს. ისინი ამბობენ, რომ ამ მუხლით უნდა დაიწყონ და გადააკვალიფიცირონ, პრაქტიკა სრულიად სხვას გვიჩვენებს, მათი მიზანი იყო ერთადერთი, დაედგინათ წყარო, ყველა კითხვით მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ. იყო ირიბი კითხვებიც, თუ გახსოვთ რომელ დღეს მოგიტანეს, ვინ იყო და ა.შ.

ჩვენ საჯარო სივრცეში ვნახეთ ადამიანების აღიარება, მათ შორის, ბერა ივანიშვილის, რომელმაც დაადასტურა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. ზაკალაშვილი იყო გამომძიებელი, რომელი მონტაჟზე, შინაარსის შეცვლაზე მეკითხებოდა, ვპასუხობდი ერთს და ინტერპრეტირებდა მეორეს",- განაცხადა მელაძე.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს. ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system