თავში

მოსამართლემ აქციის დაშლისას დაკავებული ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ აქციის დაშლისას დაკავებული ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა
მოსამართლემ აქციის დაშლისას დაკავებული ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა

18 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას დაკავებული თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ირაკლი ნადირაძე სხდომათა დარბაზიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

ირაკლი ნადირაძის გაძევების მიზეზი მის მიერ გამოთქმული ხმამაღალი პროტესტი იყო. 

"არც ერთი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ წარმოდგენილი არ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით პოლიციელი იყო სამკერდე კამერით წარმოდგენილი. ეს პოლიციელები არ ყოფილან ჩემი დამკავებლები, ისინი ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებენ. ეს პროცესი სამართლიან სასამართლოს არ ჰგავს. გუშინ ყოველ ნახევარ საათში პროცესის გადადება ნიშნავდა იმას, რომ თქვენ მითითებებს ელოდით. ეს არის საერთო-სახალხო ბრძოლა. მნიშვნელობა არ აქვს ციხეში ვიქნებით თუ გარეთ, ბრძოლას გავაგრძელებთ", -განაცხადა ნადირაძემ.

სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფის გამო, მოსამართლემ კიდევ ერთი პირი, დიმიტრი ბიძინაშვილი გააძევა. 

სასამართლო დარბაზიდან დღეს მოსამართლემ "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანიც გააძევა, რომელიც პროცესზე დასასწრებად იყო მისული. რატიანის თქმით, მოსამართლემ ის ღიმილის გამო გააძევა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ირაკლი ნადირაძის, გიგა მაქარაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეებს განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული ხულიგნობის და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეებზეც. საპროტესტო აქციის დაშლისას სულ 37 პირია დაკავებული.

დაკავებულების სასამართლო გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 6 პირი დროებით გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system