თავში

პროკურორმა სასამართლო პროცესებში სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა

პროკურორმა სასამართლო პროცესებში სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა
პროკურორმა სასამართლო პროცესებში სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დაწესებულებიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთოს. 

პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.

ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მას შეუძლია სასამართლოზე დასწრება და თავად ექსპრეზიდენტის სურვილიცაა, რომ პროცესი სასამართლოში გაიმართოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული.

ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და ოპოზიციის ლიდერები. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system