თავში

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს
შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მათი თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე, ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო. 

„დაგვიანებით ჩავიბარეთ სასამართლოს 9 მარტს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არის ყოვლად დაუსაბუთებელი. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ველოდებით. აპელაცია სამართლიანად მიუდგება აღნიშნული საქმის განხილვას და მიიღებს სამართლიან, ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შემდეგი – ეს პირები აუცილებლად გამართლდებიან. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ვარაუდებზე. მან ყველა პრინციპის იგნორირება მოახდინა და არათუ მტკიცებულებებზე, თავადვე აღნიშნავს დასაბუთებაში, რომ მას არ აქვს შესაბამისი პირდაპირი მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლე ვარაუდობს. ჩვენ მივიღეთ ვარაუდებზე დაფუძნებული განაჩენი, რომელსაც გაუქმების გარდა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. 

მსჯელობა იყო ასეთი, ვინაიდან სხვა პირები არ გამოიკვეთნენ, მაშინ სხვა ვინ ჩაიდენდა, გამოდის, რომ ვარაუდის საფუძველზე მიიჩნია. ასეთი განაჩენები პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

16 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

9 მარტს კი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system