თავში

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ დამტკიცდება

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ დამტკიცდება
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ დამტკიცდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოცივე კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნება, ეს უკვე ოთხშაბათისთვის გაირკვევა, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"საკომიტეტო სხდომა შედგება,ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ მოსამართლეების საკითხს და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება სასამართლო სისტემის სათანადო განვითარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია", განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის გეგმებს, რომ მოსამართლეთა სიის დამტკიცებას არ დაუშვებს, კობახიძე მორიგ დესტრუქციულ დაპირებად აფასებს. 

"ოპოზიცია მუდმივად დესტრუქციაშია დარჩენილი. არ ვიცი, ამით რას მიაღწევენ. ვერაფერსაც მიაღწევენ. რეალურად, ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში და ორიენტირებული იმაზე, რომ ინსტიტუტები ამ ქვეყანაში განვითარდეს. იცით, 2012 წლის შემდეგ როგორ პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლოს ნაწილში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19 კაციან სიას პარლამენტი იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს უყრის კენჭს.

მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე საპარლამენტო სესიაზე მოუწევთ.

ოთხშაბათს სხდომა პიკეტირების ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია პარლამენტთან შეკრებას დილიდან აპირებს. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდნენ, ჩააგდონ კანდიდატურები.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნით ნინო ლომჯარიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა სარჩელით.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მზად აქვს დასკვნა, რომელსაც კომიტეტს წარუდგენს. დეპუტატის მტკიცებით, დასკვნაში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული რისკებია ხაზგასმული.

უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. შერჩეული 20 კაციანი სია პარლამენტს 7 სექტემბერს წარედგინა. საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის უვადო კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა.

20 კაციან სიას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი თქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system