თავში

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწროს და გამოაქვეყნოს ჩანაწერი - სააკაშვილი

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწროს და გამოაქვეყნოს ჩანაწერი - სააკაშვილი
მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწროს და გამოაქვეყნოს ჩანაწერი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

სააკაშვილი ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, მოასწროს და გამოაქვეყნოს წინასწარი გამოძიების შედეგები, ასევე მისი გლდანის ციხეში გადაყვანის სრული ჩანაწერი.

"მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამის შესახებ გავიგე გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მერე გავიგე, რომ ამ სამსახურის გამომძიებლებს არ უშვებდნენ ჩემთან.

ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში მივხვდი, რომ ეს "ინსპექტორები" არ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები და გავყარე ეს სუბიექტები ჩემი პალატიდან.

უცხოელი დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ჩემთან გამომძიებელი და ექსპერტი შემოუშვეს და ეს იყო პირველი ორი ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც შემომხვდა სისტემაში საქართველოში დაბრუნებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ. გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც.

მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. 

მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს ამის შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა.

გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ მათი წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე დადონ მთელი ფირი ჩემი გადაყვანის, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ.

მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახრუის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა.

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system