თავში

მამუკა მდინარაძე: ვაპირებთ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ

მამუკა მდინარაძე: ვაპირებთ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ
მამუკა მდინარაძე: ვაპირებთ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

"ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ. უმრავლესობის დიდი ნაწილის აზრი ამ საკითხზე უკვე ვიცი. ჩვენ კარგად ვიცნობთ ირაკლი შოთაძეს, როგორც კარგ პროფესიონალსა და ძალიან კარგ პროკურორს. ის არის ადამიანი, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, გაუფრთხილდა რეპუტაციასა და სახელმწიფო ინტერესებს. მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს და იმსახურებს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნა პროკურატურის მხრიდან,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატს დღეს, ფარული კენჭისყრით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს გენერალური პროკურორი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭომ გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.

სწორედ 6 თებერვალს შერჩეული კანდიდატებიდან უნდა შეჯერდეს დღეს გამართულ სხდომაზე საბჭო ერთ კანდიდატზე.

საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია.მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system