თავში

რატომ არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან - იუსტიციის მინისტრის განმარტება

რატომ არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან - იუსტიციის მინისტრის განმარტება
რატომ არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან - იუსტიციის მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმ მიზეზებს განმარტავს რის გამოც უკრაინის სახალხო დამცველს , ლუდმილა დენისოვას გლდანი N18 პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა.

ბრეგაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობით არ აქვს ვალდებულება, რომ სხვა ქვეყნის სახალხო დამცველი ციხეში შეუშვას.

იუსტიციის მინისტრი ასევე, რამდენიმე კვირის წინ ლუდმილა დენისოვას რუსთავის ციხეში ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველმა მაშინ ცალმხირივ შეფასება გააკეთა და საქართველოს მთავრობის პოზიცია არ მოისმინა.

"საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, სწორედ ამ მოტივით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დსავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა განცხადება ცალმხრივად, ალბათ კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია, იმიტომ, რომ პირველად როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და მე-12 დაწესებულებაში იგი შევიდა, როდესაც გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება, - თქვა ბრეგაძემ. 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, მტკნარი სიცრუეა დენისოვას შეფასება, თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას „საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის უბადრუკი მცდელობაა“.

„ამბობთ, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა და წამებაა. სწორედ ამ მესიჯის გავრცელება მიდის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის მტკნარი სიცრუე, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა. 

რაც შეეხება „არაადამიანურ მოპყრობას“, „წამებას“ - ამ ტერმინების დამკვიდრებას, ეს ის ნარატივია, რომელსაც ცდილობს ჩვენი ოპონენტები და ოპოზიცია, რაც მტკნარი სიცრუეა. 

როდესაც ვინმე, კონკრეტულად პატიმარი წინააღმდეგობას უწევს ჩვენს თანამშრომლებს, ბუნებრივია, თანამშრომელმა უნდა აღასრულოს კანონი და მაქსიმალურად რბილი შესაძლო მეთოდების გამოყენებით აღასრულოს სამართლის ის ნორმები, რომელთა შესრულებაც მისი ვალდებულებაა. მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ეს ნარატივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას, რაც სამწუხაროა. მტკნარი სიცრუეა და სიმართლესთან არაფერი აკავშირებს“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში მეორე ვიციტით იმყოფება. ის თბილისში გუშინ, 15 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა მას დღეს აცნობეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა. დენისოვა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მაინც მივიდა და ციხის ადმინსიტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ამასთან, მას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაც სურდა, თუმცა უკრაინის ომბუდსმენმა თქვა, რომ რატი ბრეგაძემ მის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

ლუდმილა დენისოვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას წამებად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system