თავში

შალვა ნათელაშვილი: კონგრესმენები დამპირდნენ, რომ დარჩებიან ჩვენს მეგობრებად

შალვა ნათელაშვილი: კონგრესმენები დამპირდნენ, რომ დარჩებიან ჩვენს მეგობ
შალვა ნათელაშვილი: კონგრესმენები დამპირდნენ, რომ დარჩებიან ჩვენს მეგობრებად

შალვა ნათელაშვილი ამერიკელი კონგრესმენების წერილებს ეხმაურება. მისი თქმით, ეს განცხადებები არის ნიშანი, რომ აშშ არ ტოვებს სტრატეგიულ პარტნიორს. ამასთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"სენატორებთან და კონგრესმენებთან აქტიური კომუნიკაცია მქონდა და ისინი დამპირდნენ რომ რჩებიან ჩვენს მეგობრებად და გვიყურებენ როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის მქონე თანასწორ ქვეყანას. ისინი არავის აპატიებენ ამ ქვეყნის უზურპაციას და დემოკრატიული გზიდან გადახვევას. გადააქციეს ქვეყანა საკუთარ ბიზნესად?! ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად?! ჰო და არის დრო მოსვლის და არის დრო წასვლის ბატონებო", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინა შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს და აღნიშნეს, რომ საქართველო „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

ასევე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განაცხადა, რომ კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი კი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს. ამასთან, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. თავისი გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ოლსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელი კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული სურათის ფონზე გამოდის სიტყვით.

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა 19 დეკემბერს როჯერ ვიკერმა მიმართა წერილთ.

ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს უნდა მიიღოს საზოგადოებისათვის სასურველი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როჯერ ვიკერი თვლის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

სენატორი ასევე ამბობს, რომ ეჭვებს ბადებს ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის ტალღა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების მიმართ დაიწყო. ის ეხმაურება ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას მიმართ წამოწყებულ საქმეებს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას.

მანამდე, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კიზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი.

გარდა ამისა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system