თავში

როგორი იქნება მომავალი და გავხდებით თუ არა უკვდავები

როგორი იქნება მომავალი და გავხდებით თუ არა უკვდავები
როგორი იქნება მომავალი და გავხდებით თუ არა უკვდავები

ადამიანებს არაფრი ისე არ აშინებთ, როგორც მომავალი. ჩვენ გვეშინია ყველაფრის, რაც შეიძლება მოხდეს ხვალ. გვეშინია ჩვენი ოჯახის წევრების გამო, გვეშინია ჩვენი კარიერის, გვეშინია ომის, სიყვარულის, სიკვდილის და სიცოცხლისაც კი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, შესაძლებელია, შიშს დავუკავშიროთ. კაცობრიობა ბოლო საუკუნის განმავლობაში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ჩვენი შეგრძნებები ვერ ასწრებს დაეწიოს პროგრესს. ცხენებიდან ავტომობილებზე გადაჯდომას ადამიანმა მილიონობით წელი მოანდომა. 100 წელიც კი არ იყო გასული მას შემდეგ და ნილ არმსტრონგმა უკვე მთვარეზე გაისეირნა. ჩვენ საოცარი სისწრაფით მივექანებით წინ და დიახ, ეს მართლაც რომ საშიში პროცესია. არავინ იცის, სად დავუშვებთ შეცდომას და გახდება თუ არა ეს შეცდომა კაცობრიობისთვის საბედისწერო. ბუნებრივი გადარჩევის ეპოქა ადამიანმა წარსულს მიაბარა, ახლა მოდის დრო, როდესაც ჩვენ თავად შევქმნით ჩვენს ბედს. შეიძლება კორონავირუსის პანდემიამ ბევრს მომავლის ასეთი სცენარის მიმართ იმედგაცრუების განცდა მოჰგვარა და ადამიანის უძლურება შეახსენა, თუმცა პერსონალური ტრაგედიების მიუხედავად, ზოგადად კაცობრიობას, მსგავსი მასშტაბის კატასტროფები, პირიქით, მეტი განვითარების სტიმულს აძლევს და ამის გადამოწმება მარტივია, ისტორიის სახელმძღვანელოებით. მჯერა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ და სულ რაღაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს იქამდე, სანამ სამუდამოდ დავიმორჩილებთ დროსა და სივრცეს.

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, ამიტომ რაზეც ახლა ვისაუბრებ შესაძლოა არც ახდეს, ანდაც პირიქით ყველაფერი ზუსტად ასე მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ იქნება და ყველაფერი რასაც ვიტყვი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაკვირვების შედეგია. 

გენური ინჟინერია

პირველ რიგში, გენურ ინჟინერიას და მის შესაძლებლობებს უნდა შევეხოთ. ადამიანები უკვე ვქმნით გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტს. გენური ინჟინერიით საშუალება გვაქვს, შევქმნათ გარემოპირობების მიმართ უფრო რეზიტენტული ჰიბრიდი პროდუქტები და რატომ არ მოხდება იგივე ადამიანის შემთხვევაში? 

Crispr-ის ტექნოლოგია, გენომის შეცვლის მძლავრი იარაღია. ტექნოლოგია სწრაფი ტემპებით იხვეწება და კიდევ ახლო მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. შესაძლებელი გახდება ადამიანის სხვადასხვა დაავადებებისგან გათავისუფლება. Crispr-ის დახმარებით გარემოპირობების მიმართ უფრო ძლიერი ორგანიზმი გვექნება. მეტიც, გვექნება შესაძლებლობა,  შევქმნათ უფრო ჭკვიანი, ლამაზი, ძლიერი და სხვა უპირატესობებით დაჯილდოვებული ადამინი. ბუნებრივია, ასეთი ძალაუფლების მქონეებს გაგვიჩნება სურვილი, რომ ჩვენი შვილები სწორედ ასეთები იყვნენ და აქ ჩნდება კითხვა? თუ კი ყველა ერთმანეთს დაემსგავსა, კარგი იქნება ეს თუ ცუდი? ან დარწმუნებული ვართ რომ ეს განსხვავებები საჭირო არაა? რელიგიურ საკითხებს არ შევეხები, თუმცა ალბათ ხვდებით, რამხელა პროტესტს გამოიწვევს გენური ინჟინერიის პრაქტიკა. 

მოკლედ ეს კითხვები მარტო მე არ გამიჩნდება და გენური ინჟინერიის მესვეურებს მათზე პასუხების გაცემა მოუწევთ. ეთიკური ნორმები ტემპს შეანელებს, თუმცა ჩემი აზრით, მისი გამოყენება მომავლის სამყაროში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, როგორც დღეს პლასტიკური ქირურგიაა. 

რომ შევაჯამოთ, გენური ინჟინერია გაგვათავისუფლებს ჩვენთვის ცნობილი ყველა დაავადებებისგან და მეტიც, საშუალება გვექნება ადამიანის გენში დეაქტივირებული გენების ხელახლა გააქტიურება. მაგალითად, ცნობილია, რომ ადამიანების და თევზების გენები - 70 პროცენტი იდენტურია. თუ ჩვენ შევძლებთ გენური ინჟინერიის სრულყოფას, მაშინ ისიც შეგვეძლება, რომ მაგალითად ადამიანში გავააქტიუროთ თევზის ის გენი, რომელიც მას წყალში სუნთქვის საშუალებას აძლევს. ასე ადამიანს საშუალება ექნება თუნდაც ოკეანეებში იცხოვროს. მეტ მაგალითს აღარ მოვიყვან, აწი, თქვენ და თქვენმა ფანტაზიამ იცით. გავაგრძელოთ... 

რობოტები და ხელოვნური ინტელექტი

 

"პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ ადამიანს ზიანი მიადგეს;

მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგებიან პირველ კანონს;

მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ ან მეორე კანონს." - აიზეკ აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი

თუ ფიქრობთ, რომ ფილმი ტერმინატორის სამყარო მხოლოდ ჯეიმს ქამერონის ფანტაზიის ნაყოფია ძალიან ცდებით. ზოგადად სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმები ცდილობენ მომავალში ჩაგვახედონ და მათი წარმატებაც მეტწილად იმაზეა დამოკიდებული რამდენად რეალურ სურათს დაგვიხატავენ. აი, რობოტებით სავსე სამყარო კი სავსებით რეალური სურათია და მალე ხელოვნური ინტელექტით დაჯილდოვებული მექანიკური არსებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2050 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ადამიანის მიერ შესრულებულ სამუშაოებს მეტწილად თავი გაართვას და მეტიც, უფრო ჭკვიანი იქნება, ვიდრე ჩვენ ვართ. მსოფლიოს ეკონომიკა რობოტექნიკის განვითარების წყალობით, ძალიან სწრაფად განვითარდება. მდიდარი ადამიანები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, თუმცა, შესაძლოა, გაჩნდეს სამუშაო ადგილების პრობლემა, რაც საშუალო კლასის წარმომადგენლებს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ალბათ, ამის გამო იდეოლოგიები და ფილოსოფიური შეხედულებებიც კი შეიცვლება. ხელოვნური ინტელექტის განვვითარება კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესებს და ის, რაც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკა გვგონია, მალე რეალობად გადაიქცევა. 

კიბორგები და რევოლუცია მედიცინაში


ხელოვნური ინტელექტის და რობოტექნიკის განვითარება ადამიანების „დააფგრეიდების“ შესაძლებლობებსაც მოგვცემს. მალე კიბორგები გამოჩდებიან. რა თქმა უნდა, ეთიკის ნორმები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ტექნიკისა და ადამიანის შერწყმა მაინც გარდაუვალი მგონია. ადამიანი შეძლებს გაზარდოს მისი გონებრივი შესაძლებლობები და ამგვარად ხელოვნურ ინტელექტს დაუახლოვდება და ის ნაკლებად შეგვაშინებს. ეგზოჩონჩხები გაგვხდის უფრო მოქნილებს, სწრაფებს და ძლიერებს. ადამიანები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, მას მარტივად და ეფექტურად ჩაანაცვლებენ მექანიკურით. 

ამასთან, მედიცინა უკვე ახლოსაა, შექმნას ისეთი მატერია, რომელიც შემდეგში უკვე ხელოვნური ორგანოების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. თქვენ შეგეძლებათ, დაავადებული ორგანოები მუდმივად ჩაანაცვლოთ ხელოვნურით და ამგვარად სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზრდება. აქვე მოკლედ ვიტყვი ავად სახსენებელ ჩიპებზეც, რომლებიც, რატომღაც, ეშმაკთან და დამონებასთან ასოცირდება. სხეულში არსებული გარკვეული ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვაკონტროლთ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა ისე, რომ ექიმთან მისვლა საერთოდ აღარ იყოს საჭირო. დარწმუნებული ვარ მის გაკეთებას არავინ დაგაძალებთ, თუმცა ჩემი აზრით „მხეცის“ ნიშანსაც ისე მიიღებთ, როგორც ერთ დროს "დაჩიპული" პირადობის მოწმობები და სმარტფონები მივიღეთ, რადგან ალბათ მის უპირატესობებში თავად დავრწმუნდებით. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მას უბრალოდ არავინ გაიკეთებს, თუმცა საპირისპირო უფრო მოსალოდნელია. არც იმას ვუარყოფ რომ შესაძლოა ვიღაც ბოროტმა ადამიანებმა ეს ტექნოლოგიები მათ სასიკეთოდ გამოიყენონ, თუმცა მეეჭვება ამან მასიური სახე მიიღოს. ისე ბოროტი ჰაკერები, სახელმწიფოები კანონები და ადამიანები დღესაც არსებობენ. მოკლედ, თუ უკვე ეშმაკის მოციქულად არ შემრაცხეთ გავაგრძელებ და ამ თემას აღარ შევეხები რადგან ვიცი რომ ბევრისთვის სენსიტიურია. 

ადამიანი იპყრობს პირველ გალაქტიკას...

მედიცინის ამგვარი განვითარება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდას განაპირობებს და დედამიწაზე რესურსების შემცირებას გამოიწვევს, შესაძლებელია ისეთი ვირუსები, როგორიც ახლა COVID-ია, უფრო სახიფათო გახდეს, რადგან ანტიბიოტიკების მუდმივი პრაქტიკა ვირუსების ევოლუციასაც იწვევს. ამასთან მოსახლეობა უფრო დიდი იქნება და გავრცელებაც უფრო მასშტაბური, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ამ დროისთვის კოსმოსური კომპანიები, ისეთები როგორიცაა NASA, Blue Origin და  Space-X, სიცოცხლისთვის ვარგისი ახალი პლანეტების კოლონიზაციით იქნება დაკავებული. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები ამ დროის უფრო ძლიერები და გარემოპირობების მიმართ უფრო გამძლეები არიან. ასე რომ, სიტყვაზე მარსზე ცხოვრება შეუძლებელი სულაც არ იქნება. 

ეკოლოგია და ტრანსპორტი

ზოგადად ტრანსპორტის ევოლუციაც გარდაუვალი პროცესია და ახლო მომავალში მფრინავი ავტომობილები ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ამის ნიშნებს დღეს უკვე ვხედავთ. დიდი ალბათობით, ყველა ავტომობილის ძრავი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე იმუშავებს, თუ არ ჩავთვლით თვითმფრინავებს. ასევე ისინი თვითმართვადი იქნება და მგზავრობის დროს საჭესთან ყურადღებით ყოფნაც აუცილებელი აღარ იქნება.ეს კი ავტოავარიებს მინიმუმამდე შეამცირებს. 

კაცობრიობას მოუწევს გაითვალისწინოს ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ნეგატიური შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მაგალითად, კლიმატის ცვლილებებმა დიდი როლი ითამაშა ავსტრალიის ხანძრებზე.  მომავალში თუ ჭკუა გვეყოფა აუცილებლად შევეცდებით დედამიწა ჩვენივე ნაგვისგან გავათავისუფლოთ. სახლები, რომლებიც 3D პრინტერით დაიბეჭდება, ბუნებასთან უფრო შერწყმული იქნება და მისი მშენებლობაც უფრო იაფიც დაჯდება. ზოგადად ბევრი რამ გაიაფდება, რადგან ის რისი შექმნაც ახლა სირთულეებთანაა კავშირში, მომავალში ძალიან მარტივად მივიღებთ, ისევ და ისევ რობოტების დახმარებით.

ადამიანი მიაგნებს უკვდავების წყაროს


შეიცვლება ინტერნეტი და ვირტუალური სამყაროც. VR- მოწყობილობები იმდენად განვითარდება, რომ ტელეპატიური კომუნიკაცია გახდება შესაძლებელი. არაა გამორიცხული, რომ შევძლოთ ცნობიერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ამით ადამიანი ფაკტობრივად უკვდავი გახდება. 

თავში ვთქვი, რომ მომავალი გარკვეულწილად ყველას გვაშინებს და არ გამიკვირდება ახლაც შეშფოთებული იყოთ. არ ვიცი დაზუსტებით რა იქნება 100 და 1000 წლის შემდეგ, რადგან ნებისმიერმა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ, შესაძლოა, ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. არც ის ვიცი, ვინ როგორ დასკვნებს გამოიტანთ, მაგრამ ის რაზეც ახლა ვისაუბრე, მართალია ჯერ არ მომხდარა, თუმცა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება და აქ მიჩნდება კითხვა - მზად ვართ ასეთი მომავლისთვის?  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system