თავში

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 05 - ბლოგი

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 05

50 - ჩვენ ვმარხავთ მკვდარ სატელიტებს ედემის ბაღებში

51 - საკუთარი შიშების ზოოპარკში, ამოიცანი ცხოველებად გადაცმული ღმერთები – გააღე სწორი გალია,ასე უყვირე მონსტრს: ამოგიცანი! გამოდი შენი ტყუილიდან!

52 - ერიდე სინათლის დემონებს, ისინი იქ იმალებიან საიდანაც ყველაზე მეტად ანათებს, სინათლის სწორი ხასიათი თვალს გჭრის და შენ ვერ ხედავ რა იმალება ნათების უკან.ნამდვილი დემონები იქ ბუდობენ. იდეალური კამუფლაჟი.

53 - მათ ფრთებს ქონდათ პირები, თითქოს წვრილი დანით გამოიყვანა ვინმემ ტუჩი. ისინი ფრთებით ლაპარაკობდნენ სიშმაგეებზე ღამის, განტოლებებზე დილის. ფრთებით ამბობდნენ ხმამაღალ ფიქრებს -შენთვის რომ უნდა შეინახო და არავის მოუყვე, ყვებოდნენ სასაზღვრო გრძედებსა და განედებს დაკარგული სამოთხეების და როცა ისინი საუბრობდნენ - ყველა დუმდა.

თუ შეხვდები მათ ან გაიქეცი ან არ აცადო საუბარი და საკუთარი სასოწარკვეთა მოყევი თავდავიწყების ცეკვით. თქვი ორი ნაგანი და პალმა, ანტენების მიუვალობა თქვი და ტალღების ხმა უზღვო ქალაქში, ვიდეოთამაშის სამივე სიკვდილის მზაობა და უცხო დედის სიყვარული, აალებადი აისი გადმოღვარე პირიდან და ყველაფერი რაც ძვირფასია, მაგრამ მზად ხარ რომ დატოვო და მხოლოდ მაშინ - შეიძლება ფრთებმა დუმილი არჩიონ.

54 - ჩვენთან ათეულში ხშირად იმეორებდნენ, როგორ დააყენა მაისის ისტორიამ ზაფხული მწკრივში, რამდენი დღე ნახეს რამდენ პოზაში, სად იპარავდნენ ღმერთების კალაშნიკოვებს, სად დადიოდა უკანასკნელად სინათლე, რამ გადმოგვისროლა ისტორიის ტერორში.

კიდევ ამბობდნენ: “ბირთვული გახდები ჩრდილში.”

კიდევ: “ნეტავ სად მომხვდება ტყვია, ნუთუ კეფაში?”

შორს ისევ ისე ბღაოდნენ უფსკრულები.

55 - ციფრული მთვარის უცხო ამხანაგო, რომელიც ფიქრობ კიბორგებს ცაში, ხელოვნური ინტელექტის კოდებს ირეკლავენ შენი თვალები, აბებივით ყლაპავ ალგორითმებს, თითები კრეფენ მომავალს კლავიატურაზე, ანგელოზები გყავს სანათებად ოთახებში,სადაც ცივა.

56 - ღმერთი სიგნალიზაციაა, უკვე ათასი ხმა დაიძახა და მალე მოვლენ ისინი ვისი პირიდანაც ამოდის ღამე. როგორც ფეხმოჭრილი ფრინველები. მითხარი სახელი მათი დასახოცად ზამთარში.

57 - ფეხზემდგარი ღმერთები ეშვებოდნენ ფასიანი ლიფტით, წვიმები გაიძრეს, ცეცხლები გაიყნოსეს, სხეულები მათი სიზმრისეული იყო,იყურებოდნენ გვამის თვალების გაცრეცილი ცნობისმოყვარეობით, იყურებოდნენ უბრალოდ და ქანდაკებასავით.წინ რამდენი საკუთარი მითი ედო მას, ვისაც ოდნავ ფრთაში შეარხევდა, შეძლებდა ლიმონკის შეგდებას შიგნით?რთულია მოვალეობის მათრახი, როგორც მდედრობითი კაცის სიყვარული.

58 - გრავიტაცია ჩვევაა

59 - ტირილი იწყება “ნუ ტირი”-ში.სუსტების მიტოვებული ამბობს:”ყველა მოკვდეს იყავი ხმამაღლა”.ნეირონული წყვდიადისკენ მიიჩქაროდა ჩვენს თვალწინ, ელექტროგაყვანილობასთან დაწოლილი, კალიები ეშვებოდნენ ჩვენს მხრებზე. ”გარდაცვლილს ქალთევზა გაუთენე” - ბუტბუტებდა კიბორგი, რომელშიც მეკობრე რეინკარნირდა.

როცა სიკვდილი ასე ახლოსაა, აზრები იწყებენ ფრაგმენტაციას:

ეკვატორული ნახტომი,მცდელობა თხევადდება, დრო ირხევა,სამარცხვინოა განცალკევებულად ორმხრივ მთვარესთან მოძრაობა,ბონსაი ატომური ბომბები ველური ბავშვების ხელში, რადიოწვიმების ლაბირინთი, ავარიული ზონების ავატარები გატეხილი ცის შესაკეთებლად მოსულები ჰორიზონტის ლიანდაგებით, ბავშვის გვამი შემოდგომის სიჩუმეში, სრულიად პლანეტარული ხეების შრიალი, ხეები სახეების, ძველი მაიმუნები სარკეებით სახეების ნაცვლად, ანიმე-ღამეებით მთვრალი კალკულირდება რეინკარნაციული პოლიციის ბუღალტერისექსელის ფაილში.

60 - როცა მოგკლავენ - ნუ გაბრაზდები, ნურც გეწყინება, არც პირველია, არც უკანასკნელი. განაგრძე რასაც აკეთებდი როგორც ანგელოზმა, როგორც ალგორითმმა ჯერ კიდევ დაუდგენელი, მაგრამ საინტერესო მისიით მოვლენილმა ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. ვარსკვლავიანი ცის ქვეშ კაკანებენ ჩვენი კალაშნიკოვები აშვერილები მაღლა, ირმის ნახტომის გალაქტიკისკენ.

სადღაც ამ დროს თოვლია და ახალი წელი.

საბოლოო ინსტურუქციები 01

საბოლოო ინსტრუაციები 02

საბოლოო ინსტრუქციები 03

საბოლოო ინსტურქციები 04

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system