
Apple-მა ისრაელის ინტერნეტ ტექნოლოგიების ფირმა NSO Group-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მასში კომპანია NSO Group-ისთვის, რომელმაც ჯაშუშური პროგრამა Pegasus შექმნა, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისების და მოწყობილობების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.
სარჩელი აშშ-ის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში, ქალაქ სან-ხოსეში შევიდა. ინფორმაციად DW ავრცელებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ Apple-ისთვის „პროდუქტის შემდგომი ბოროტად გამოყენებისა და ზიანის“ პრევენციის საშუალება იქნება.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ტელეფონი, შესაძლოა, პროგრამა Pegasus-ის დახმარებით მის მოსასმენად ყოფილიყო გამოყენებული. ამის გამო მაკრონმა ტელეფონი შეიცვალა.
19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფირმა NSO Group-ის მიერ შემუშავებული ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის გამოყენებით, ავტორიტარულმა მთავრობებმა და სხვადასხვა სადაზვერვო უწყებებმა წლების მანძილზე ასობით ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის თვალთვალი შეძლეს. დამოუკიდებელ IT ექსპერტებს გადაეცათ 44 შემთხვევით შერჩეული ჩანაწერი, რომელთაგან 37-ში ჯაშუშური პროგრამის კვალი გამოვლინდა.
20 ივლისს პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში შექმნილი, ელექტრონული ჯაშუშობის სისტემა Pegasus-ის გამოყენებით ფრანგ ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ.